ბარომეტრი ძალიან ცოტა მძღოლს თუ აქვს მანქანაში, რაც პირდაპირ გეტყვით, ძალიან დიდი შეცდომაა! |
ბარომეტრი ძალიან ცოტა მძღოლს თუ აქვს მანქანაში, რაც პირდაპირ გეტყვით, ძალიან დიდი შეცდომაა! |
სტატისტიკის თანახმად, მარჯვენასაჭიანი მანქანების მძღოლებს კისერი 3 სანტიმეტრით გრძელი აქვთ...
კიდევ ერთი უცნაური ფაქტი კი იმაზე მეტყველებს, რომ თუ უხსოვარ დროში წვიმის მოსაყვანად შამანი საათობით აბრახუნებდა დოლზე, ან უარესი - მსხვერპლთშეწირვას მიმართავდა, ახლა ისღაა საკმარისი, უბრალოდ, მანქანა გარეცხოთ...
ჰოდა, სადაც ამდენი უცნაურობა ხდება ავტომობილის მფლობელის თავს, ის მაინც უნდა მოაგვაროს, რომ „ბარდაჩოკში“ ჰაერის წნევის საზომი ჰქონდეს - კაცმა არ იცის, როდის დასჭირდება...
ზუსტ სტატისტიკას, სამწუხაროდ, ვერ მოგიყვანთ, მაგრამ ფაქტია, ბარომეტრი ძალიან ცოტა მძღოლს თუ აქვს მანქანაში, რაც პირდაპირ გეტყვით, ძალიან დიდი შეცდომაა!
ავტომობილის ბარომეტრი გახლავთ მოწყობილობა, რომელიც საბურავში წნევას ზომავს.
ექსპლუატაციის პროცესში სატრანსპორტო საშუალებების საბურავები წნევას არაერთი მიზეზის გამო კარგავს, რაც არ არის გამორიცხული, გარკვეული საფრთხეების გამომწვევი მიზეზი გახდეს. წნევამ მოიკლო თუ მოიმატა, თვალით ვერავინ განსაზღვრავს. ამდენად, ჰაერის წნევის საზომი ჰაერივით საჭირო გახლავთ - ასეა ეს და კამათი არ მიიღება!..
უმარტივესი მექანიკური ბარომეტრის აღწერილობა ამგვარია:
ჰაერის წნევის საზომი შემდეგი პრინციპით მუშაობს: მთავარი დეტალი - ბურდონის მილი წნევის ზეწოლის შედეგად ისარს ამოძრავებს. მსგავსი პრინციპი მოქმედებს მემბრანულ მანომეტრზეც.
ახლა რასაც წაიკითხავთ, შესაძლოა, არ დაეთანხმოთ კიდეც, მაგრამ გვერწმუნეთ, გამოცდილი სპეციალისტების რჩევებია მოყვანილი და ამდენად, მათი გათვალისწინება ღირს კიდეც.
დავიწყოთ იმით, რომ მხოლოდ ბარომეტრის ქონა წარმატების გარანტიას სულაც არ იძლევა. მთავარი ის არის, ხელსაწყო სწორად გამოიყენოთ.
ზუსტი და სწორი შედეგების მისაღებად, შემდეგი რეკომენდაციებია გასათვალისწინებელი:
- სასურველია, საბურავების წნევა ყოველდღიურად, მანქანის დაძვრამდე შემოწმდეს. უკიდურეს შემთხვევაში, კვირაში ერთხელ მაინც და ალბათ, ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი პუნქტი, რომელსაც ბევრი შეეწინააღმდეგება - ყოველდღე შემოწმება რა საჭიროაო...
- მაქსიმალურად ზუსტი შედეგის მიღება მხოლოდ „ცივ“ საბურავებზე შეიძლება. სხვა შემთხვევაში, ცდომილება დაახლოებით 10-20 პროცენტია.
- თუკი წნევის შემოწმება მაინც გზაში მოგიხდათ და მაჩვენებელი ნორმაზე დაბალია, რეკომენდებულია, საბურავი საჭიროზე 10 პროცენტით მეტად დაბეროთ. დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდეგ წნევა ისევ უნდა შემოწმდეს, თუმცა მხოლოდ მაშინ, როცა საბურავები გაგრილდება.
- ზუსტი შედეგების მისაღებად, როგორც სპეციალისტები ამბობენ, საჭიროა, მანქანა მინიმუმ 3-4 საათი არ მოძრაობდეს.
- გაითვალისწინეთ, რომ სიცივეში ბარომეტრზე მაჩვენებლები დაახლოებით 15 პროცენტით იქნება დაკლებული.
- თუკი ავტომობილზე არასტანდარტული საბურავები გიყენიათ, აუცილებელია მწარმოებლის რეკომენდაციები გულდასმით შეისწავლოთ და რაც მთავარია, შეასრულოთ!
- სანამ საბურავის წნევას შეამოწმებთ, მანქანა ტვირთისგან აუცილებლად უნდა დაცალოთ, სხვა შემთხვევაში, მოწყობილობა არასწორ შედეგებს გაჩვენებთ.
- უგზოობის პირობებში მოძრაობისას, უმჯობესია, თუკი საბურავებს წნევას დააკლებთ. ასეთ შემთხვევაში გზასთან ურთიერთქმედებაც გაიზრდება და ტრანსპორტის გამავლობაც.