| ბეტონთან მუშაობისთვის აუცილებელი ხელსაწყოები: სრული გზამკვლევი |
| ბეტონთან მუშაობისთვის აუცილებელი ხელსაწყოები: სრული გზამკვლევი |
გზამკვლევი მხოლოდ მოგზაურებს კი არ სჭირდებათ, ვარძიისკენ მიმავალი გზა რომ გაიკვლიონ ან ხორნაბუჯის გადასახვევს არ გასცდნენ, მშენებლობის საკითხებისთვისაც არანაკლები მნიშვნელობა აქვს, მით უმეტეს, როცა საუბარი ისეთ არც თუ იოლ საკითხს ეხება, როგორიც ბეტონი გახლავთ.
სწორედ ამიტომ, Holst.ge მშენებლობა-რემონტისთვის აუცილებელ ისეთ აღჭურვილობაზე მოგიყვებათ, როგორიც არის: ბეტონის ვიბრატორი, ბეტონის საჭრელი და ბეტონის შემრევი.
დავიწყოთ იმით, რომ ბეტონის ვიბრატორის მუშაობას ლილვი განაპირობებს, რომელიც სამუშაო პლატფორმაზეა დაფიქსირებული და ერთგვაროვანი რყევების გავრცელებას უზრუნველყოფს. წონისა და ძლიერი ვიბრაციის ხარჯზე, ინსტრუმენტი ზედაპირს იმგვარად ასწორებს, როგორც უთო ქსოვილს, რითაც დასამუშავებელ ტერიტორიას ზედმეტ ჰაერსა და ტენიანობას აშორებს.
ფართო სამუშაო პლატფორმის წყალობით, ბეტონის ვიბრატორით დიდი ტერიტორიის სწრაფად დამუშავება არის შესაძლებელი.
ნებისმიერი სამუშაოებისას, როცა გამოიყენება ბეტონი, ხდება ნარევის ჰაერით გაჯერება. შედეგად, ჰაერის ბუშტები და ღრუები, სადაც ნარევი ვერ მოხვდა, უკარგავენ ხარისხს, ამცირებენ სიმტკიცესა და ექსპლუატაციის ვადას. იმისთვის, რომ ასეთი შედეგების თავიდან აცილება მოხდეს, საქმეში ბეტონის ვიბრატორი ერთვება.
არსებობს ბეტონის ვიბრატორის რამდენიმე სახეობა, რომლებიც ერთმანეთისგან კონსტრუქციით განსხვავდებიან, თუმცა, დანიშნულება ყველას ერთი აქვს და აუცილებელია ყველგან, სადაც ბეტონის სამუშაოები მიმდინარეობს.
ბეტონის საჭრელი - ეს არის მცირე გაბარიტების მქონე ცირკული ხერხი. ძრავა შეიძლება ჰქონდეს როგორც ელექტრო, ისე - ბენზინის.
ბეტონის საჭრელი აღჭურვილია აბრაზიული ან ალმასის დისკით. შესაძლოა, დისკს საკმაოდ ფართო, თუმცა, შედარებით მცირე მასშტაბის დანიშნულება ჰქონდეს. მაგალითად, გამოიყენებოდეს მხოლოდ ბეტონის ჭრისთვის, ან უმკლავდებოდეს როგორც ბეტონს, ისე ლითონს, ასფალტს, გრანიტს და ასე შემდეგ. ექსპლუატაციის პრინციპი ე.წ. ბალგარკით მუშაობას ჩამოჰგავს. მთავარი განსხვავება ჭრის სიღრმე და მაღალი სიმძლავრეა.
სარემონტო-სამშენებლო სამუშაოებისას ბეტონის საჭრელი, პრაქტიკულად, შეუცვლელია - ასრულებს უამრავ დავალებას ნებისმიერ წერტილში. ხოლო, ვინაიდან პრაქტიკულად, ნებისმიერი სირთულის მასალას უმკლავდება, სამშენებლო ობიექტზე მისი არქონა ხელ-ფეხის შეკვრის ტოლფასია.
როგორც უკვე გითხარით, ძირითადად, ორი ტიპის ბეტონის საჭრელი გვხვდება - ბენზინისა და ელექტრო. ნებისმიერის შერჩევის შემთხვევაში, ყურადღება მთავარ მახასიათებელს უნდა მიაქციოთ. იგულისხმება ჭრის მაქსიმალური სიღრმე, სიმძლავრე, აბრაზიული თუ ალმასის დისკის დიამეტრი, ბრუნების რაოდენობა.
ბეტონის შემრევი - ეს არის დანადგარი, რომელიც ბეტონის მიღებისთვის ერთმანეთში ურევს წყალსა და ცემენტს ისეთ დანამატებთან ერთად, როგორიცაა, მაგალითად, ქვიშა თუ შებენი.
ბეტონის შემრევი, ძირითადად, ძრავის, მბრუნავი ბარაბნისა და ღარისგან შედგება. ბეტონის შესაქმნელად საჭირო ყველა კომპონენტი ბარაბნის შიგნით თანაბრად ტრიალებს. ამასთან, შემრევმა უნდა უზრუნველყოს ბეტონის ერთგვაროვნება როგორც შიგნით, ასევე, გადმოტვირთვისას.
დიდი მასშტაბის შემრევები, როგორც წესი, დიდ სამშენებლო პროექტებში გამოიყენება. მცირე მასშტაბის მშენებლობისთვის კი პორტატიული შემრევიც აბსოლუტურად საკმარისია.
მცირე ზომის შემრევი, ჩვეულებრივ, მოქმედებაში ელექტრობის საშუალებით მოდის და როგორც წესი, ბორბლებზე ყენდება, რათა ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილება მარტივად მოხერხდეს. მბრუნავი ბარაბნის დახრა იმგვარად შეიძლება, რომ ბეტონი შესაბამის ჭურჭელში, რეზერვუარში მარტივად გადავიდეს.
გასათვალისწინებელია, რომ შემრევში ბეტონის დიდი დროით დატოვება არ შეიძლება. შესაბამისად, წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული, რა რაოდენობის ბეტონია საჭირო კონკრეტული სამუშაოებისთვის. ასევე, ზოგიერთი ტიპის ბეტონი შედარებით სწრაფად მზადდება, რაც წინასწარ უნდა იყოს გათვლილი.
ბეტონის შემრევის შერჩევისას, პირველ რიგში, მის ზომებთან დაკავშირებით უნდა ჩამოყალიბდეთ. თუკი ხელს ჰკიდებთ დიდ პროექტს, ბევრი ბეტონი დაგჭირდებათ და შესაბამისად, ისეთი შემრევი უნდა შეიძინოთ, რომელიც ერთ ჯერზე დიდი რაოდენობით ბეტონს დაგიმზადებთ, რითაც სამუშაოსაც შეგიმსუბუქებთ და დროსაც დაგიზოგავთ.


