ცეცხლთან და სათიბელასთან თამაში კატეგორიულად აკრძალულია, ამ უკანასკნელის მთავარი დანიშნულება გაზონის გალამაზებაა!.. |
ცეცხლთან და სათიბელასთან თამაში კატეგორიულად აკრძალულია, ამ უკანასკნელის მთავარი დანიშნულება გაზონის გალამაზებაა!.. |
ნაწყვეტი ინსტრუქციიდან: „ნუ შეეცდებით, ჩართული სათიბელას თავი ხელით ან ფეხით გააჩეროთ“... უსაფრთხოება რომ უმნიშვნელოვანესია, Holst.ge-ზე ამის შესახებ უამრავჯერ დაგვიწერია და კიდევ ძალიან ბევრჯერ გავიმეორებთ, თუმცა არც ისე იშვიათად ხდება ხოლმე, რომ სხვადასხვა კომპანია ამ მიმართულებით ზედმეტად ამლაშებს და აბსურდამდეც კი დადის. აგერ, რამდენიმე მაგალითი:
„სახელს და გვარს არ დავასახელებთ“, მაგრამ ერთ-ერთი ცნობილი ბრენდის მიკროტალღური ღუმელის ინსტრუქციაში ვკითხულობთ: „არ გამოიყენოთ სანათად“. არანაკლებ პოპულარული ბრენდის თმის საშრობის ინსტრუქცია: „არ გამოიყენოთ ძილის დროს“. ესეც სუპერმენის ფორმის ინსტრუქცია, კი, კვლავ ცნობილი ბრენდისგან: „ფორმის ჩაცმა სუპერ შესაძლებლობებს ვერ მოგანიჭებთ. არ სცადოთ მაღალი სართულიდან გადახტომა“...
მოკლედ, ასეთი უცნაური ინსტრუქცია უამრავ კომპანიას აქვს და ყველაზე მთავარი ამ ყველაფერში ის არის, რომ ყველა რჩევა პრეცედენტულია, ანუ კომპანიები აბსურდულ მითითებებს იმიტომ იძლევიან, რომ ვიღაცამ სადღაც სუპერმენის ფორმის მორგების შემდეგ ცათანმბჯენიდან გაფრენა სცადა...
ვფიქრობთ, უპირობოდ ვთანხმდებით, რომ როცა ბენზო სათიბელა ჩართულია, მისი თავის გაჩერება არაფრით შეიძლება არც ხელით, არც ფეხით, არც დანა-ჩანგლით და არც შემწვარი კალმახით - ცეცხლთან და სათიბელასთან თამაში კატეგორიულად აკრძალულია, ამ უკანასკნელის მთავარი დანიშნულება გაზონის გალამაზებაა!
მარტივ ჭეშმარიტებაზე რაკი შევთანხმდით, ახლა მთავარ სათქმელს მივხედოთ: სათიბელა მართლაც საჭირო ინსტრუმენტია და სწორედ ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ბაზარი არაერთ სახეობას გვთავაზობს. კერძოდ, შეხვდებით შემდეგ ტიპებს:
√ ხელის (ტრიმერი), რომელიც გაზონის ჭრის დროს ხელში უჭირავთ;
√ ბორბლებიანი, რომელიც გაზონზე ხელით უნდა ამოძრაოთ;
√ თვითმავალი.
ძრავის ტიპების მიხედვით გამოირჩევა:
√ მექანიკური;
√ ბენზინის;
√ ელექტრო.
მექანიკური ბორბლენიანი სათიბელას მართვა მარტივია - არ არის საჭირო არც ბენზინი და არც ელექტროობა, თუმცა, სამაგიეროდ, საჭიროა კუნთების გვარიანად დაძაბვა. ასეთი ინსტრუმენტი უფრო „ახალგაზრდა გაზონის“ მოსავლელად გამოდგება.
ხელის სათიბელა (ტრიმერი) კარგია არც ისე დიდი ზომის მიწის ნაკვეთის მოვლისთვის, თუნდაც ტერიტორიის ზედაპირი უსწორმასწორო იყოს, რადგან ინსტრუმენტს მუშაობა ნებისმიერი კუთხით შეუძლია.
ტრიმერი შეიძლება აღჭურვილი იყოს ელექტრო ან ბენზინის მოტორით. ელექტროძრავი განთავსებულია ძელის ქვედა ან ზედა, ხოლო ბენზინის - მხოლოდ ზედა ნაწილში.
ტრიმერის ქვედა ნაწილში დატანილი დამცავი მექანიზმი მთიბველის ფეხს ტრავმირებისგან იცავს. მუშაობისას მარცხენა ხელი იჭერს ძელის სახელურს (საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ბალახის სიმაღლის რეგულირება), ხოლო მარჯვენა - ძრავის მართვის ღილაკიან სახელურს.
ტრიმერის მთავარი უპირატესობაა ბალახის თიბვა უსწორმასწორო მონაკვეთებსა და ბუჩქებისა და ხეების სიახლოვეს.
განსაკუთრებით მოთხოვნადია ბენზო სათიბელა, რომლის დახმარებითაც, მოზრდილი ტერიტორიის დამუშავებაა შესაძლებელი. გამოირჩევა შესაშური მობილურობით, სიმძლავრითა და პრაქტიკულობით. ასევე, მისი გამოყენება შეიძლება არა მხოლოდ გაზონის გასალამაზებლად, არამედ სარეველა ბალახების მოსაშორებლადაც.