| ცენტრალური გათბობის ქვაბი - ზამთრის ცივ დღეებთან გასამკლავებლად |
| ცენტრალური გათბობის ქვაბი - ზამთრის ცივ დღეებთან გასამკლავებლად |
„ძველი ჩოხა და ნაბადი ზამთარში მოგეწონებაო“ - ჭკვიან ხალხს უთქვამს, თუმცა, როდის, დაზუსტება გაგვიჭირდება. რისი თქმაც დანამდვილებით შეიძლება, ის არის, რომ ეს ანდაზა იმ დროინდელია, როცა ცენტრალური გათბობის ქვაბი რა იყო, კაციშვილმა არ იცოდა.
ჰოდა, რაკი ახლა გათბობის ასეთი შესანიშნავი საშუალება არსებობს, ჩოხითა და ნაბდით შეგვიძლია, თავი განსაკუთრებულ დღეებში მოვიწონოთ, ზამთრის ცივ დღეებთან გასამკლავებლად კი სწორედ ცენტრალური გათბობის ქვაბი გამოვიყენოთ.
როგორ უნდა შეარჩიოთ გათბობის ქვაბი, რომელია ყველაზე ეკონომიური, რა პლუსებით გამოირჩევა, სანამ დაგვიზამთრდა, მანამ ყველაფერს ნათელი უნდა მოვფინოთ.
დავიწყოთ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პირობით - ეკონომიურობით: არსებობს შემდეგი სახეობის რესურსებზე მომუშავე გათბობის სისტემები: გაზის, ელექტრო და მყარ საწვავზე მომუშავე. აქედან ყველაზე ეკონომიური, იოლი მისახვედრია, გაზის გახლავთ.
გაზზე მომუშავე ცენტრალური გათბობის ქვაბი ოპტიმალური არჩევანია, მით უფრო, რომ აქვს განსაკუთრებული უპირატესობა - ავტომატური მართვა და მინიმალური მომსახურება. გაზის მოწყობილობის მონტაჟის შემთხვევაში, არ არის საჭირო იმაზე ფიქრი, სად უნდა შეინახოთ შეშა, დროულად დაჭრათ, შეუკეთოთ და ასე შემდეგ. უბრალოდ, დააყენებთ საჭირო რეჟიმს და სულ ეს არის. ამასთან ერთად, ხელმისაწვდომია კონდენსაციური ქვაბი, რომელიც ბევრად ეკონომიურია, ვინაიდან მოიხმარს 20%-მდე ნაკლებ გაზს და პლუს, 20%-ით ეფექტიანია. ერთი კია, ღირებულება ჩვეულებრივზე მაღალია, თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში ინვესტიცია გამართლებულია. განსაკუთრებით აქტუალურია ასეთი ქვაბი დიდი შენობებისთვის ფართობით 200 კვადრატული მეტრიდან. თუმცა, თუკი პატარა სახლზეა საუბარი, ბევრად მომგებიანია ჩვეულებრივი გათბობის ქვაბი. ასეთ შემთხვევაში ხომ კონდენსაციური მოწყობილობის ეკონომიურობა არც ისე მნიშვნელოვანი იქნება.
გათბობის თანამედროვე ქვაბს უამრავი ფუნქცია გააჩნია, მათ შორის, რაც ყველაზე მთავარია ნებისმიერი ადამიანისთვის, დამცავი და სადიაგნოსტიკო. ეს იმას ნიშნავს, რომ დანადგარს მიღებული აქვს სენსორების კომპლექტი და დამცავი სარქვლები, რომელთა დახმარებითაც ავტომატურ, მუდმივ რეჟიმში ხდება წნევისა თუ ტემპერატურის კონტროლი და იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე მაჩვენებელი მკვეთრად შეიცვლება, ან ცენტრალური გათბობა მუშაობის ჩვეულ რეჟიმს ასცდება, მყისიერად ხდება ან სრული გათიშვა, ან ქვაბისთვის საწვავის მიწოდების შეწყვეტა და ავარიული სიტუაციის თავიდან აცილება.
ასეთი უნიკალური შესაძლებლობების მიუხედავად, ცენტრალური გათბობის ქვაბი უსაფრთხოების ზომების დაცვის მხრივ ყურადღების მოდუნების უფლებას მაინც არ გვაძლევს და აუცილებელია, ცენტრალური გათბობა პროფესიონალებს დაამონტაჟებინოთ, რომლებიც სრულყოფილ ინსტრუქციებსაც მოგაწვდიან. ასევე, გაითვალისწინეთ ისიც, რომ გათბობის ქვაბი საჭიროებს პერიოდულ მომსახურებას, მაგალითად, შემოწმებას, გაწმენდასა და რეგულირებას.
კიდევ ერთი - კარგს იზამთ, თუ ზუსტად იქნებით ჩამოყალიბებული დანადგარის დანიშნულებასთან დაკავშირებით. კერძოდ, თუკი გჭირდებათ აპარატი მხოლოდ გათბობისთვის, შეგიძლიათ, ერთ კონტურიანი ქვაბი შეიძინოთ. რაც შეეხება ორ კონტურიანს, იგი გათბობასთან ერთად, ცხელი წყლით მომარაგების ფუნქციასაც ითავსებს და შესანიშნავია როგორც ბინებისთვის, ისე არც ისე დიდი ზომის სახლებისთვის.

