დარტყმა, დარტყმა ბურღვისას, ბურღვა და კიდევ რა შეუძლია პერფორატორს? |
დარტყმა, დარტყმა ბურღვისას, ბურღვა და კიდევ რა შეუძლია პერფორატორს? |
თუკი ფიქრობთ, რომ სათაურში ჩამოთვლილი შესაძლებლობები არც თუ შთამბეჭდავია, რას ვიზამთ, თქვენი აზრია და სრული უფლება გაქვთ, ასე იფიქროთ. ჩვენ კი შევეცდებით, ეს „არც თუ შთამბეჭდავი“ შესაძლებლობები კიდევ უფრო განვავრცოთ და დაგანახოთ, სინამდვილეში, როგორი გამოსადეგი ხელსაწყოა პერფორატორი.
მაშ, დავიწყოთ, თანაც, სკეპტიკოსებში ყველაზე უფრო გავრცელებული შეხედულებით, რომ პერფორატორი ჩვეულებრივი ბურღით, დრელს რომ ვეძახით ხოლმე, წარმატებით ჩანაცვლდება.
ჩვენი არგუმენტი ასეთია:
საყოფაცხოვრებო პირობებში ბურღი, იგივე - დრელი, დარტყმის ფუნქციით, პრაქტიკულად, ნებისმიერი მოცულობის სამუშაოს უმკლავდება, რაც უკავშირდება ხეს, ლითონსა და აგურს. და აი, დადგა საკვანძო მომენტი - ბეტონთან და ქვასთან მუშაობისთვის ავანსცენაზე უკვე პერფერატორი ჩნდება, რომელიც, თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, ამ მხრივ შეუცვლელია და ვერც ერთი დრელი ღირსეულ კონკურენციას ვერ გაუწევს.
იმისთვის, რომ ბეტონი დაამუშაოს, ჩვეულებრივ ბურღს ენერგია არ ჰყოფნის. თუკი მაინც არ დანებდით და კვლავაც თქვენს აზრზე დარჩებით, ბეტონსა და ქვას რომ გაუმკლავდეთ, დიდი, ძალიან დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ და ყველაზე უსიამოვნო ის არის, რომ შუა გზაზეც არ იქნებით მისული, რომ შესაძლოა, მაგალითად, „სვერლომ“ გიმტყუნოთ, ან გნებავთ, ინსტრუმენტი გადახურდეს და კარგა გვარიანი ლოდინი მოგიხდეთ. ასევე, დამღლელი სამუშაოს შემდეგ, იქნებ გუნება-განწყობაც გაუარესდეს და რაც უტყუარია, ინსტრუმენტი გაცილებით მალე გამოვა მწყობრიდან.
არსებობს სხვადასხვა ტიპის პერფერატორი, რომელიც ამგვარად კლასიფიცირდება:
პერფორატორი, რომელიც საყოფაცხოვრებო სფეროსთვისაა განკუთვნილი, არც ისე მძიმე (2-დან 5 კილოგრამამდე) და მძლავრია. ასეთი მოწყობილობის მთავარი დანიშნულებაა მცირე რემონტი ავტოფარეხში, აგარაკსა და სახლში.
ნახევრად პროფესიონალური პერფორატორის გამოყენება შეიძლება როგორც საშინაო, ისე პროფესიონალურ პირობებში. ასეთი ინსტრუმენტის წონა 5-8 კილოგრამია, ხოლო დარტყმის ძალა 2,5-7 ჯოული.
პროფესიონალური ტიპი - ეს არის მძლავრი პერფორატორი, რომლის დარტყმის ძალა მინიმუმ 8 ჯოულია, ხოლო წონა - 6 კილოგრამიდან.
ზემოთ წონა ვახსენეთ და დაგვეთანხმებით, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ინსტრუმენტის საიმედოობა და გამძლეობა, პირველ რიგში, დამოკიდებულია დამრტყმელი მექანიზმის კონსტრუქციის სრულყოფილებაზე, მასალის ხარისხზე, რისგანაც დეტალებია დამზადებული და იმით, რამდენად დაცულია ეს დეტალები მტვრისგან. ამასთან ერთად, მწარმოებლები ცდილობენ, ხელსაწყო ხარისხიანთან ერთად, მსუბუქიც იყოს. ამდენად, თუკი გჭირდებათ პერფორატორი მახასიათებლების, შესაბამისი სიმძლავრისა და დარტყმის ძალის მიხედვით, შედარებით მსუბუქი უნდა აირჩიოთ. როგორც წესი, მძიმე კლასს განეკუთვნება ერთრეჟიმიანი ხელსაწყო და რამდენადაც ცნობილია, რაც ნაკლებია ფუნქციები, მით მეტად გამძლეა ხელსაწყო.
რაც შეეხება კვებას, პერფორატორი ორ კატეგორიად იყოფა: აკუმულატორიანი და ელექტრო.
ელექტრო პერფორატორი იქ გამოიყენება, სადაც ინსტრუმენტის ქსელში მიერთების საშუალება არსებობს, რისთვისაც გრძელი სადენია განსაზღვრული. ასეთი კვების ტიპის პერფორატორების უამრავი მოდიფიკაცია არსებობს. ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, ინსტრუმენტი საკუთარ ფინანსურ შესაძლებლობებს მოარგოს. ერთი კია, თუ არ არის ელექტროენერგია, არც სამუშაოა.
აკუმულატორიანი პერფორატორი მოსახერხებელია იმით, რომ მისი გამოყენება შეიძლება იქაც, სადაც ელექტრობა არ არის. მართალია, ასეთი მოდელის პარამეტრები მნიშვნელოვნად ჩამორჩება ელექტროს, თუმცა ავტონომიურობა ამ ნიუანსს მთლიანად ჯაბნის. ერთი კია, 220 ვოლტი აქაც აუცილებელია, რადგან როცა ელემენტი დაჯდება, მას ხომ დატენაც დასჭირდება...