ევრო თუ მხოლოდ კოსმეტიკური რემონტის პირობებში, მაგიდის სანათები ყველგან საჭიროა! |
ევრო თუ მხოლოდ კოსმეტიკური რემონტის პირობებში, მაგიდის სანათები ყველგან საჭიროა! |
რა საინტერესოა, ევროპაში თუ იციან, რას ნიშნავს ევრორემონტი ან იქაურებისთვის კარგი რემონტის შესატყვისი სიტყვა რომელია - ვითომ აზიარემონტი? იქნებ აფრორემონტი? კაცმა არ იცის, შესაძლოა, ჯორჯიარემონტიც არ იყოს უცხო, რა გითხრათ, რით გაგახაროთ?
პრინციპში, რა უნდა გითხრათ, ძალიანაც კარგად ვიცით - ევრორემონტი გაქვთ სახლში გაკეთებული თუ მხოლოდ კოსმეტიკური, მაგიდის სანათი ნებისმიერ შემთხვევაში გჭირდებათ. უფრო მეტიც, მაგიდის სანათი არა მხოლოდ სახლში, არამედ სამსახურშიც მეტად გამოსადეგია - იქნებ რომელიმე კომპანიის ბოსი ხართ და გვიანობამდე გიწევთ მუშაობა, თვალებზე ხომ უნდა იზრუნოთ?
მოკლედ, მაგიდის სანათები ნებისმიერი პროფესიისა თუ ასაკის ადამიანისთვის ძალიან საჭირო ნივთია - დოკუმენტებთან მუშაობა, წიგნის კითხვა, პრეზენტაციისა თუ საშინაო დავალებების მომზადება - თვალისთვის კომფორტული და უსაფრთხო განათების გარეშე, დაგვეთანხმებით, შეუძლებელია.
მთავარი მახასიათებელი სინათლის წყაროს ტიპია. სწორედ ამის გათვალისწინებით უნდა მოხდეს სანათის შეძენა. ძირითადად, 4 ვარიანტს განიხილავენ ხოლმე:
ვარვარის (ჩვეულებრივი) ნათურა - მთავარი და თითქმის ერთადერთი პლუსი ფასია: ეს არის ყველაზე ხელმისაწვდომი ნათურები. სხვა შემთხვევაში, ამ ტიპის ნათურა სერიოზულად მოძველებულია. გასათვალისწინებელია, რომ მომსახურების ვადა ხანმოკლეა. ამასთან ერთად, ენერგიის მოხმარება, ისევე, როგორც გაცხელება ექსპლუატაციის დროს, მაღალია და ფერების ტემპერატურა - შეზღუდული.
ვარვარის ნათურები დღეს აქტუალურია მხოლოდ დეკორატიული სანათებისთვის, თუმცა იქაც მას ხშირად დიოდური ნათურებით ანაცვლებენ.
ჰალოგენური ნათურა - სინამდვილეში, ესეც, პრაქტიკულად, ვარვარის ნათურაა, მაგრამ მისი კოლბა სპეციალური გაზით (ბრომი ან იოდის ორთქლი) ივსება. ამის გამო ნათურა 2-3-ჯერ მეტხანს მუშაობს და ნაკლებ ენერგიასაც მოიხმარს. ჰალოგენური ნათურები შესანიშნავია მცირე ზომის სანათებისთვის.
ლუმინესცენციური ნათურა - მას ასევე უწოდებენ ეკონომნათურასაც, რადგან ბევრად უფრო ეკონომიურია. მაგრამ სინათლის ასეთ წყაროს შესაძლოა, თან ახლდეს ციმციმი და ჰქონდეს ცივი ფერი, რაც თვალებს ღლის. ლუმინესცენციური ნათურების სპეციფიკური ფორმის გამო, ყველა მაგიდის სანათის დიზაინს არ ერგება, - თუმცა ეკონომიური და გამძლე ნამდვილად არის.
დიოდური ნათურა - LED-ნათურების ღირებულება ზემოთ ნახსენებ ნათურებს შორის ყველაზე მაღალია, მაგრამ სარგებელი იმდენად მნიშვნელოვანია, დანახარჯების კომპენსირება, ჩათვალეთ, უპრობლემოდ მოხდება! LED-ნათურები ნათელია, მაგრამ ეკონომიური, მუშაობს ათწლეულების განმავლობაში, არ ხურდება და უსაფრთხოა - პლუს ზომის, ფორმისა და ფერის ტემპერატურის ყველაზე ფართო სპექტრი გამოარჩევს.
LED ნათურა არის საუკეთესო გამოსავალია მაგიდის სანათებისთვის ნებისმიერი თვალსაზრისით, გარდა ამისა, საინტერესოდაც გამოიყურება.