ფეხი რომ არ აგვიცდეს და ზუსტად ის კიბე რომ ვიყიდოთ, რომელიც გვჭირდება |
ფეხი რომ არ აგვიცდეს და ზუსტად ის კიბე რომ ვიყიდოთ, რომელიც გვჭირდება |
ეს ცხოვრება კიბე არის, ზოგი ადის, ზოგიც - ჩადის... კიბე იმისია, ავიდნენ და ჩამოვიდნენ, კაცო, მაშ, როგორ? ერთი ეგ არის, ასვლა-ჩასვლისას ფრთხილად უნდა ვიყოთ, ე, მანდ, ფეხი არ აგვიცდეს...
ჰოდა, ფეხი რომ არ აგვიცდეს, ზუსტად ის რომ ვიყიდოთ, რაც გვჭირდება, დეტალურად განვიხილოთ ისეთი საჭირო ნივთი, როგორიც კიბე გახლავთ.
სამუშაო კიბეები და კიბეპლატფორმები ადამიანისთვის, რომელიც აშენებს ან არემონტებს, უკიდურესად საჭირო ნივთია, ალბათ, ვთანხმდებით. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კიბეზე მუშაობა ნიშნავს სიმაღლეზე მუშაობას, გარკვეული საფრთხეები ჩნდება, რასაკვირველია. ეს კი იმაზე მიგვითითებს, რომ საჭირო კონსტრუქციის შერჩევას არა მხოლოდ ჯიბე, არამედ საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვის სურვილიც უნდა განსაზღვრავდეს.
კიბე ეწოდება ინსტრუმენტის სახეობას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია გარკვეული სამუშაოების წარმოება სიმაღლეზე. ინსტრუმენტი მარტივი კონსტრუქციის არის, თუმცა მიუხედავად ამისა, მის არაერთ სახეობას ვხვდებით. ამასთან, კლასიფიკაცია შემდეგი ნიშნების მიხედვით ხდება:
1. კონსტრუქციის ფორმა;
2. მასალა, რისგანაც ინსტრუმენტი მზადდება;
3. რა ტიპის სამუშაოების შესრულებაა შესაძლებელი;
4. სიმაღლე და საფეხურების რაოდენობა.
ყველაზე მარტივი სახეობა ხის ცალმხრივი კიბეა, რომლის დამზადებაც საკმაოდ მარტივია და პრინციპში, ნებისმიერ ჩხირკედელა ადამიანს ხელეწიფება. ამისთვის საჭიროა ორი ძელი, რომლებიც ერთმანეთის პარალელურად უნდა განლაგდეს. ძელების პერპენდიკულარულად განთავსდება საფეხურები და სულ ეს არის, კიბე მზადაა. ერთი კია, ასეთ კიბეს ერთი ნაკლი აქვს - რომ ისარგებლოთ, ზედაპირს უნდა დააყრდნოთ.
ისეთი მოწყობილობების წარმოებისთვის, რომლებიც სიმაღლეზე მუშაობის საშუალებას იძლევა, შესაბამისი სტანდარტები გამოიყენება. ეს სტანდარტები, ითვალისწინებს, პირველ რიგში, შესაბამისი მასალების გამოყენებას, საფეხურების დამაგრების ხარისხს, ასევე, სხვა ტექნიკურ მახასიათებლებს.
ფორმისა თუ განლაგების მეთოდის მიხედვით, კიბეები შემდეგი ტიპისაა:
1. თავისუფლად დასადგამი კიბეები - აქვთ საკუთარი საბჯენი ფეხები, რაც მოწყობილობის დამხმარე ზედაპირზე მიმაგრების აუცილებლობას გამორიცხავს. ასეთი კიბეები მაღალი ხეებიდან მოსავლის აღებისას, ასევე, ტოტების გასხვლისას გამოიყენება.
2. დასამაგრებელი დახრილი კიბეები - სიმაღლეზე მუშაობისთვის განკუთვნილი კიბის სპეციალური სახეობა, რომლის ზედა ნაწილისთვის დამატებითი პლატფორმა არის გათვალისწინებული. საყრდენი პლატფორმის დანიშნულებაა, მასზე, მაგალითად, საღებავით სავსე ქილის განთავსება.
3. დასაკიდი კიბეები - ასეთი მოდელის თავისებურება ის გახლავთ, რომ მოჰყვება სპეციალური სამაგრი მოწყობილობები, რაც საშუალებას იძლევა, კიბე სასურველ ზედაპირზე დაეკიდოს. დამაგრების შემდეგ, კიბის გამოყენება ვერტიკალურ მდგომარეობაშია შესაძლებელი. ჩვეულებრივ, ასეთი კიბისთვის მობილურობა დამახასიათებელი არ არის, რადგან კონკრეტულ ადგილზე დამაგრების შემდეგ, ხანგრძლივი დროით გამოიყენება.
4. დასამაგრებელი ვერტიკალური კიბეები - ეს ყველაზე მარტივი სახეობაა, რომლის დახმარებითაც, სახლის სხვენზე მოხვედრა ოპერატიულად შეიძლება.
განხილული კიბეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ზედაპირის დატვირთვის პარამეტრია. საყოფაცხოვრებო ან სამეურნეო მიზნებისთვის განსაზღვრული კიბეებისა და კიბეპლატფორმებისთვის ეს პარამეტრი 2000 პასკალზე დაბალი არ უნდა იყოს.
სახლისთვის კიბეების შერჩევისას ურიგო არ იქნებოდა, მათი ტექნიკური მახასიათებლების გაგება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რომელიც კიბეს ახასიათებს, სიმაღლეა. სხვა თავისებურებებზე საუბარი ქვემოთ გავაგრძელოთ:
1. სიმაღლე - ამ პარამეტრის მეორე სახელწოდებაა - კიბის მაქსიმალური სიგრძე. კიბის მაქსიმალური სიგრძე შემდეგნაირად გამოითვლება: ადამიანი უნდა დადგეს კიბეზე და გაზომოს მანძილი მიწიდან მხრებამდე. შეძენისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ კიბის არა გაბარიტები, არამედ სამუშაო სიმაღლე, რომლის გამოთვლაც დიდ სირთულეს ნამდვილად არ წარმოადგენს. ამისთვის საჭიროა, კიბის სიმაღლეს 120 სმ მიამატოთ, რაც ადამიანის სიმაღლის გასაშუალოებული მაჩვენებელია მიწიდან მხრებამდე.
2. საფეხურები და ფიქსატორები - უყურადღებოდ არც მახასიათებლები უნდა დატოვოთ. ვერტიკალურ საყრდენებს შორის მანძილის ოპტიმალური მნიშვნელობა 29 სანტიმეტრია. ეს ევროპული სტანდარტი გახლავთ, რომელსაც ყველა თანამედროვე მწარმოებელი იცავს. საფეხურები მხოლოდ სპეციალური გოფრირებული მასალისგან მზადდება, რომელზეც ფეხი არ უნდა ცურავდეს. ეს არის სავალდებულო პირობა, რომელიც კიბისა თუ კიბეპლატფორმის ნებისმიერ სახეობას ეხება.
კიბის შერჩევისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული აბსოლუტურად ყველა დეტალი, რადგან სიმაღლეზე სამუშაოს შემსრულებელი ადამიანის უსაფრთხოება დიდწილად დამოკიდებულია ხარისხსა და კონსტრუქციულ მახასიათებლებზე.
კიბეებისა და კიბეპლატფორმების დასამზადებლად სხვადასხვა მასალა გამოიყენება, რაც განსაზღვრავს კიდეც ექსპლუატაციის პირობებს. მწარმოებლები, ძირითადად, შემდეგ მასალებს იყენებენ:
1. ალუმინი - გამორჩეულია გამძლეობით და მძიმე დატვირთვებს წარმატებით უმკლავდება. ნაკლოვანებებიდან უნდა აღინიშნოს, რომ დროთა განმავლობაში, მძიმე დატვირთვის ქვეშ, გარკვეული დეტალები იღუნება. უპირატესობებს რაც შეეხება, ალუმინის კიბე გაცილებით მსუბუქია, ვიდრე ფოლადი ან ხე. გარდა ამისა, არ აშინებს კოროზიული პროცესები, რის გამოც, ერთნაირი წარმატებით გამოიყენება როგორც ღია ცის ქვეშ, ისე შენობებში, სადაც მაღალი ტენიანობაა. გაითვალისწინეთ, რომ ელექტრობასთან მუშაობის დროს ალუმინის კიბეპლატფორმების გამოყენება რეკომენდებული არ არის, ვინაიდან დენის გამტარია და გარკვეული რისკები ყოველთვის არსებობს.
2. ფოლადი - გამოირჩევა გამძლებით. ფოლადის კიბე საკმაოდ მძიმეა, რაც გადატანას ართულებს. კოროზიის რისკების გამო, აუცილებელია დამატებითი დამცავი საფარი - ლაქი ან საღებავი. შეიძლება ითქვას, ფოლადის კიბე დიდი პოპულარობით ნამდვილად არ სარგებლობს.
3. ხე - პრინციპში, ხისა და ალუმინის კიბეების ფასი დიდად განსხვავებული არ არის. მთავარი მინუსი ის გახლავთ, რომ ხის კიბეზე ტენიანობა უარყოფითად მოქმედებს და აფუჭებს, თუმცა ელექტრიკოსებისთვის სწორედ ეს ინსტრუმენტია ყველაზე სანდო და საიმედო დამხმარე. მაქსიმალური დასაშვები დატვირთვა დაახლოებით 100 კილოა, რაც მისი კიდევ ერთი უარყოფითი მხარეა.
4. მინაბოჭკოვანი - სპეციალური შემადგენლობა, რომელსაც ისეთი უპირატესობები აქვს, როგორიცაა სიმტკიცე, ტენიანობისგან დაცვა, ასევე, არ ატარებს დენს. მინაბოჭკოვან კიბეს ხშირად, ალუმინის კიბეებს უყენებენ. არის საიმედო, გამძლე და ამასთან ერთად, ძვირადღირებული. ასეთი მოდელის შერჩევა გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საქმე ელექტროსამონტაჟო სამუშაოებს ეხება.
1. სად აპირებთ გამოყენებას - ეს შეიძლება იყოს დახურული სივრცე ან ღია სივრცე. შენობაში ხის კიბე გამოდგება იმ შემთხვევაში, თუ აქტიური სარემონტო სამუშაოები არ იგეგმება. ღია ცის ქვეშ უმჯობესია ალუმინის ან მინაბოჭკოვანი კიბეები.
2. რა სახის სამუშაოები იგეგმება - ბუნებრივია, კიბის მთავარი დანიშნულება სამუშაოების სიმაღლეზე წარმოების შესაძლებლობაა. ჰკითხეთ საკუთარ თავს, სადენების იზოლირებას აპირებთ? თუ არა, მაშინ თამამად შეიძინეთ ისეთი მოდელი, რომელიც დენს ატარებს.
3. კიბის გადაადგილების სიხშირე - თუკი საუბარია ხეების გადაჭრაზე ან კედლების შელესვაზე, უმჯობესია, არჩევანი ისეთ მოდელზე შეაჩეროთ, რომელიც ზედმეტად დიდი ან მძიმე არ იქნება.
4. სიგრძე - დამოკიდებულია იმაზე, რა სიმაღლეზე იგეგმება სამუშაოების წარმოება. თუკი უნივერსალური ინსტრუმენტია საჭირო, სექციური კიბე საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
5. რამდენ კილოს უნდა გაუძლოს - თუკი ადამიანის წონა 100 კილოგრამს აჭარბებს, სერიოზული დაფიქრებაა საჭირო. შეძენისას არ დაიზაროთ და კარგად გამოიკითხეთ, რა მაქსიმალურ წონაზეა გათვლილი ინსტრუმენტი.