| ღამით რომ გაგაღვიძონ, თუ ჩამოთვლით, რისთვის გამოიყენება კუთხსახეხი? |
| ღამით რომ გაგაღვიძონ, თუ ჩამოთვლით, რისთვის გამოიყენება კუთხსახეხი? |
ერთი მხრივ, თუ მეზობლის სახლიდან კუთხსახეხის ხმა ისმის, სასიხარულოც კია - ესე იგი, აქვს რემონტის გაკეთების შესაძლებლობა და სხვისი კარგი ამბების გაზიარებას აბა, რა ჯობია? თუმცა, მეორე მხრივ, თვეების მანძილზე რომ გრძელდება ეს ამბები, თანაც, უთენია და თანაც, ყოველ შაბათ-კვირას, გაბრაზების ყველანაირი უფლება გვაქვს.
გაბრაზება იქით იყოს და კუთხსახეხი, იგივე ბალგარკა რომ რემონტის დროს შეუცვლელი ხელსაწყოა, ისეთმა ადამიანმაც იცის, აგური აგურზე რომ არასდროს დაუდია. აი, ვინც აგურსაც სწორად დებს, ბლოკსაც და არც „მაიაკში“ ლესვა ეშლება, ღამით რომ გააღვიძოთ, უშეცდომოდ ჩამოარაკრაკებს, რისთვის გამოიყენება ეს ჩვენი დიდად დასაფასებელი კუთხსახეხი.
თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ბარგალკა უნივერსალური დამხმარე ხელსაწყოა.
მიუხედავად იმისა, რომ როგორც ვთქვით, ბევრისთვის ნაცნობი ხელსაწყოა, მაინც ვთქვათ, ზუსტად რისთვის შეიძლება მისი გამოყენება.
კუთხსახეხის დახმარებით შესაძლებელია, სასურველი ფორმისა თუ ზომის მიხედვით დაჭრათ მაგალითად, ლითონი, აგური, ბეტონი, ტროტუარის ფილა, მარმარილო, გაასუფთაოთ, გააპრიალოთ პრაქტიკულად, ნებისმიერი სირთულისა თუ დაზიანების მქონე სხვადასხვა ზედაპირი და ასე შემდეგ.
სხვათა შორის, ერთ-ერთი პლუსი ისიც გახლავთ, რომ შედუღების აპარატისგან განსხვავებით, კუთხსახეხი დამუშავებულ მასალაზე კვალს არ ტოვებს.
კუთხსახეხის მთავარი ელემენტებია:
ბარგალკა შეიძლება იყოს: ქსელური, ანუ ხელსაწყო, რომელიც მუშაობს დენის წყაროსთან მიერთებით, ბენზინის, აკუმულატორიანი, პნევმატიკური.
მართალია, სულაც არ არის სავალდებულო, ბალგარკა ყველა ოჯახს ჰქონდეს, კომფორტული ხელსაწყო ნამდვილად გახლავთ და სხვადასხვა მასალის დამუშავების პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს.
სიმძლავრე მისი პროდუქტიული მუშაობის საფუძველია. სანამ შეიძენთ, კარგად დაფიქრდით, კონკრეტულად რა სახის სამუშაოებისთვის გჭირდებათ, რამდენად რთულ მისიებს დააკისრებთ და რა სიხშირით გამოიყენებთ. უკეთ გასაგები რომ იყოს, მაგალითსაც მოგიყვანთ: თუკი „ბალგარკა“ მცირე სამუშაოებისთვის გჭირდებათ, ვთქვათ, რამე უნდა გაჭრათ ან გააპრიალოთ, საკმარისია 1000W სიმძლავრეც. აი, იმ შემთხვევაში, თუკი კუთხსახეხი თქვენი მთავარი სამუშაო ინსტრუმენტია, მუშაობთ ლითონთან ან ქვასთან, უმჯობესია, არჩევანი 1500-დან 2600-მდე სიმძლავრეზე შეაჩეროთ.
- ქსელური ბარგალკა
ყველაზე გავრცელებული სახეობა, რომელიც 220 ვოლტზე მუშაობს. მასთან მუშაობისას შესაძლებელია სხვადასხვა დიამეტრის დისკების გამოყენება. გახლავთ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი სახლსა თუ აგარაკზე გამოყენებისთვის. სწორედ ქსელური კუთხსახეხით მუშაობენ პროფესიონალი ელექტრიკოსები, სანტექნიკოსები თუ ფილების მემონტაჟეები. სიმძლავრიდან გამომდინარე, განასხვავებენ როგორც პროფესიონალურ, ისე საყოფაცხოვრებო მოდელებს.
- აკუმულატორიანი ბარგალკა
მისი გარეგნობა საკმაოდ განსხვავდება ქსელურისგან, მაგალითად, სახელურთან აკუმულატორის დასამაგრებელი განყოფილებით. ასევე, აკუმულატორიანი ბალგარკა შედარებით მოკრძალებული ზომისაა, ვერ დაიკვეხნის ვერც საცმების მრავალფეროვნებით.
ხანგრძლივი მუშაობა ასეთი ხელსაწყოთი, გასაგები მიზეზების გამო, ვერ გამოვა. მისი გამოყენება რაციონალურია მაშინ, როცა სამუშაო სასწრაფოდ დასასრულებელია და ამასთან ერთად, არ არის ხელმისაწვდომი ელექტროქსელი. მაგალითად, სამშენებლო მოედნის გარშემო ღობის მოსაწყობად, კარების ავარიული გაღებისთვის თუ ქალაქგარეთ მუშაობისთვის.
- ბენზინის ბარგალკა
ამ სახეობის გარეგნობა აშკარად გამორჩეულია. კორპუსი საკმაოდ მოზრდილია, რადგან მის შიგნით საწვავის ავზი და ძრავაა მოთავსებული. დიდი ზომების გათვალისწინებით, ინსტრუმენტი აღჭურვილია მასიური სახელურებით. ბენზინის კუთხსახეხზე დიდი ზომის დისკები მაგრდება ბეტონისა თუ რკინის საჭრელად. უნდა ითქვას ისიც, რომ ინსტრუმენტი საკმაოდ ხმაურიანია, რისი მიზეზიც ძრავა გახლავთ. მუშაობის დროს ხმაურისგან დამცავი საშუალებების გამოყენება აუცილებელია!
- პნევმატიკური ბარგალკა
პნევმატიკურ კუთხსახეხსაც მუშაობის იგივე პრინციპი და დანიშნულება აქვს, რაც დანარჩენ სახეობებს, თუმცა განსხვავდება შიდა აგებულებით. მაგალითად, არ აქვს ძრავა, ხოლო დისკის ბრუნვას შეკუმშული ჰაერის ნაკადი განაპირობებს. ამ თავისებურების ხარჯზე, პნევმატიკური ბალგარკა „თანამოძმეებში“ ყველაზე მსუბუქი გახლავთ. სამუშაოს ხანგრძლივობა, პრაქტიკულად, შეუზღუდავია, საჭიროა მხოლოდ კომპრესორი, რომელიც მას ჰაერით მოამარაგებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახლის პირობებში ასეთ მოდელს არავინ იყენებს, სამაგიეროდ, შეუცვლელია ლითონის გადამამუშავებელ საწარმოებში.


