ჰაერის კომპრესორი - ინსტრუმენტი, რომელიც ჰაერივით საჭიროა |
ჰაერის კომპრესორი - ინსტრუმენტი, რომელიც ჰაერივით საჭიროა |
ჰაერივით მჭირდებაო, ასეთი გამოთქმა თავად თუ არ გექნებათ ნათქვამი, სხვისგან მაინც გაიგონებდით მინიმუმ ერთხელ მაინც.
ბევრი, ძალიან ბევრი რამ შეიძლება, ადამიანს ჰაერივით სჭირდებოდეს, ერთ-ერთი გამორჩეულად საჭირო კი ჰაერის კომპრესორი გახლავთ და თუ ახლა ირონიულად ჩაგეღიმათ ამ წინადადებაზე, მოდით, ყველაფერი ბოლომდე ჩაიკითხეთ და მერე თქვით, თუ რამეში ვცდებით.
რა თქმა უნდა, პირველი კითხვა სწორედ ასე ჟღერს - რისთვის არის საჭირო ჰაერის კომპრესორი და როცა პასუხს გავცემთ, ნელ-ნელა უკვე ყველაფერი ნათელი გახდება, მაგრამ როგორც ზემოთ უკვე შევთანხმდით, ბოლომდე უნდა წაიკითხოთ, კარგით?
ობიექტურად უნდა ითქვას, რომ ჰაერის კომპრესორის გამოყენების სპექტრი მრავალფეროვანია და როგორც ბევრს ჰგონია, მხოლოდ საბურავების დაბერვით არ შემოიფარგლება. მაგალითისთვის სოფლის მეურნეობას მოვიხმობთ... კომპრესორი ფერმაში, შეუფასებელი ინსტრუმენტია. ფერმებში ჰაერის კომპრესორის დავალებების დიაპაზონი მართლაც შთამბეჭდავია და რაც მთავარია, დანადგარის ინოვაციური გამოყენების სია მუდმივად ახლდება.
აქვე ისიც ვთქვათ, რომ ჰაერის კომპრესორებს იყენებენ არა მხოლოდ მსხვილი სასოფლო-სამეურნეო კორპორაციები, არამედ, დანადგარი პოპულარულია მცირე ფერმების მეპატრონეებსა თუ იმ ადამიანებში, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სხვადასხვა კულტურების მოშენებით - ჰაერის კომპრესორს მათი სამუშაოს მნიშვნელოვნად გამარტივების ყველანაირი რესურსი გააჩნია.
გემახსოვრებათ ეს ფრაზა „ბეღურების გადაფრენიდან“... იმ „მალიარს“ კომპრესორი რომ სცოდნოდა, არ მოხვდებოდა გვერდებში, ფაქტია...
რა თქმა უნდა, თუკი მოგესურვებათ, თამამად შეგიძლიათ შეღებოთ სახლი, ავტოფარეხი, ბეღელი და შენობები ძველებური მეთოდებით - ფუნჯითა თუ სახელურიანი ლილვაკით, მაგრამ საღებავის საფრქვეველი ჰაერის კომპრესორით სამუშაოს ბევრად უფრო ამარტივებს.
მცირე მასშტაბის კონსტრუქციის აგებას თუ გეგმავთ, მისწრებაა ლურსმნის პნევმატიკური პისტოლეტი, რომელიც მოქმედებაში შეკუმშულ ჰაერს მოჰყავს.
პნევმატიკური პისტოლეტის უმეტესობა შეიძლება გამოიყენოთ მცირე ზომის ჰაერის კომპრესორებთან, თუმცა, გულდასმით შეამოწმეთ თქვენი პისტოლეტის ინსტრუქცია, წნევის როგორი მაჩვენებელი სჭირდება მუშაობისთვის.
ჰო, ვარდო მრეცხავი იყო, მაგრამ არც მწმენდავობაზე იტყოდა უარს, ჰაერის კომპრესორის არსებობა რომ სცოდნოდა...
შეკუმშული ჰაერის გამოყენება სხვადასხვა აღჭურვილობის გასაწმენდადაც შეიძლება გამოიყენოთ. რეკომენდებულია, პირველ რიგში, სცადოთ აღჭურვილობის გაწმენდა ჯაგრისებით ან სხვა მეთოდებით, შეკუმშული ჰაერი კი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენეთ, თუ სასურველ შედეგს ვერაფრით იღებთ. შეკუმშული ჰაერი ისეთ ადგილას მოიხმარეთ, რომელიც სათანადოდ ნიავდება, ამასთან, აუცილებლად მოირგეთ დამცავი ტანსაცმელი და არც სათვალეები დაგავიწყდეთ. სატვირთო მანქანის საბურავები, მისაბმელი და სხვა მძიმე ტექნიკა შეიძლება დაბალი წნევის კომპრესორის გამოყენებით გაიწმინდოს.
რძის წარმოება ერთ-ერთი ყველაზე შრომატევადი საქმიანობაა და ვისაც ძროხები, თხები თუ ცხვრები ჰყავს, იმასაც დაადასტურებს, რომ საქმე ყოველთვის საკმარისზე მეტია. ყოველდღიური შრომის შესამსუბუქებლად შეკუმშული ჰაერი გამოიყენება საწველი დანადგარების სამართავად. ჰაერის კომპრესორს ასევე იშველიებენ საწველი სისტემების გასაწმენდად.
ხეხილის ზრდისა და განვითარებისთვის, სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მავნებლების განადგურებისთვის სპეციალური ნივთიერებების გამოყენებაა საჭირო. ჰაერის კომპრესორის დახმარებით, ამ პროცესის წარმართვა გაცილებით მარტივად და მოკლე დროში ხერხდება.
ჰაერის კომპრესორი ხშირად მისაბმელისა თუ სატვირთოს ძარაზე მონტაჟდება. მძღოლი ტრანსპორტს მართავს, მეორე ადამიანი კი, რომელსაც აუცილებლად დამცავი ტანსაცმელი უნდა ეცვას, საჭირო ნივთიერებას შლანგით მცენარეებს ასხამს. ჰაერის კომპრესორები ასევე გამოიყენება ინსექტიციდების, ფუნგიციდების და სასუქების ფართო სპექტრის შესხურებისთვის.
ჰო, რას იტყვით, საკმარისი არგუმენტები შემოგთავაზეთ და დაგარწმუნეთ, რომ ჰაერის კომპრესორი ის ინსტრუმენტია, რომელიც ყველას ჰაერივით სჭირდება? წესით, ახლა უკვე ბოლომდე უნდა გვეთანხმებოდეთ, თუმცა, თუკი მცირე ეჭვები მაინც დარჩა, ამ თემას რა თქმა უნდა, კიდევ მივუბრუნდებით...