ინსტრუმენტების არსენალში ელექტრო შალაშინი თუ მოგეპოვებათ? |
ინსტრუმენტების არსენალში ელექტრო შალაშინი თუ მოგეპოვებათ? |
ახლა ის არ თქვათ, არ მაქვს ელექტრო შალაშინი ჩემი ინსტრუმენტების არსენალშიო და სხვა რაც გინდათ, ის იყოს. მით უფრო, თუ ხელმარჯვე ოსტატობა თქვენთვის უცხო არ არის და კიდევ უფრო მით უფრო, თუ ხელოსანი ხართ - სულ მეზობელი ხომ არ უნდა შეაწუხოთ, სალაშინი მათხოვე და ციმციმ დაგიბრუნებო?..
მოკლედ, უნდა შევთანხმდეთ, რომ ელექტრო შალაშინი ერთ-ერთი ძალიან საჭირო ხელსაწყოა და რაც შეუძლია და როგორ წარმატებებსაც აღწევს, ამაზე საუბარს, რა თქმა უნდა, არ დაგზარდებით.
ელექტრო შალაშინი - ეს არის ინსტრუმენტი, რომლის დანიშნულებაც ხის მასალის ზედაპირის სრულყოფილად გათანაბრებაა. შედეგად, მასალა, როგორც წესი, იდეალურად გლუვი ხდება, რადგან ხერხდება უსწორმასწორობის, ყველა სახის დეფექტის აღმოფხვრა.
ხელსაწყო დიდი პოპულარობით სარგებლობს სადურგლო სახელოსნოებსა და ავეჯის ქარხნებში. ყოველდღიურ ცხოვრებაში კი ელექტრო შალაშინის გამოყენება გამართლებულია არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დიდი სამუშაოა შესასრულებელი, არამედ მაშინაც, თუკი ადამიანს სურს, რასაც აკეთებს, ხარისხიანად გააკეთოს.
რა თქმა უნდა, არსებობს როგორც პროფესიონალური, ისე - საყოფაცხოვრებო ელექტრო შალაშინი.
შალაშინის შეძენისას, ერთ-ერთი პირველი, რასაც ყურადღება უნდა დაუთმოთ, ალბათ, მისი სიმძლავრეა და დეტალური საუბარიც სწორედ ამ მაჩვენებლის მნიშვნელობით დავიწყოთ.
სიმძლავრე - სწორედ სიმძლავრე გახლავთ ელექტრო შალაშინის პოტენციალისა და წარმადობის ძირითადი მაჩვენებელი. პირდაპირ ამაზეა დამოკიდებული დამუშავების სისქე და სიღრმე. ამდენად, როცა ინსტრუმენტის შეძენაზე მიდგება საქმე, გასათვალისწინებელია, რა სახეობის ხის დამუშავება უნდა მოხდეს, როგორ მდგომარეობაში იქნება მასალა და ასე შემდეგ.
მყარი ჯიშებისთვის (მუხა, წიფელი და მსგავსი) მძლავრი მოდელის შერჩევა ჯობს. სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, ის ხარისხი ვერ მიიღოთ, რომელსაც ელოდით და გჭირდებოდათ. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ რაც უფრო მძლავრია მოტორი, მით მეტია საერთო წონა და მასა. ამდენად, თუკი მხოლოდ მცირე მასშტაბის სამუშაოები იგეგმება და თან ხეც მსუბუქი ჯიშისაა (მაგალითად, ფიჭვი), მცირე სიმძლავრის მოდელიც აბსოლუტურად მისაღები იქნება. ასეთი შალაშინი მსუბუქია და ცალი ხელით მუშაობაც უპრობლემოდ არის შესაძლებელი.
მაქსიმალური ბრუნი - შალაშინი დანებიანი ლილვის სიჩქარეს ირეკლავს. ეს ტექნიკური მახასიათებელი მეტად მნიშვნელოვანია. რაც მაღალია ბრუნვის სიჩქარე, ხის ზედაპირიც უფრო ხარისხიანად დამუშავდება.
ხშირად გვხვდება მცდარი წარმოდგენა, თითქოს მძლავრი ინსტრუმენტი აუცილებლად პროფესიონალური ელექტრო შალაშინია. მძლავრი შალაშინი დამუშავების სიღრმის მაღალი მაჩვენებლით შესაძლოა, საყოფაცხოვრებო კლასისაც იყოს, უბრალოდ, მისი რესურსი ხშირ გამოყენებაზე არ იქნება გათვლილი და პირიქით, ხარისხიანი და საიმედო პროფესიონალური მოდელი სავსებით შესაძლებელია, მცირე სიმძლავრის მოტორით იყოს აღჭურვილი.
ელექტრო შალაშინისთვის ტექნიკური მახასიათებლები უმნიშვნელოვანესი პარამეტრებია, თუმცა არ ღირს უყურადღებოდ დავტოვოთ ინსტრუმენტის გარეგნობა და ეგრონომიკული თვისებები, მასალის ხარისხი, რომლითაც კორპუსია შესრულებული.