კიბე - ბევრი და ძალიან მნიშვნელოვანი საქმისთვის |
კიბე - ბევრი და ძალიან მნიშვნელოვანი საქმისთვის |
ბავშვებო, რა მოგეწონათ ყველაზე მეტად მუზეუმშიო, მასწავლებელი მოსწავლეებს ჰკითხავს და ისინიც ალალად უპასუხებენ: - სასწავლო ნაწილი კიბეებზე რომ დაგორდაო...
ასეა, ვიღაცას კიბე ამხიარულებს, ვიღაცისთვის კარიერულ წინსვლასთან ასოცირდება, უმეტესობა კი მას საქმისთვის იყენებს, თანაც, ბევრი და ძალიან მნიშვნელოვანი საქმისთვის.
ნეტავ, თუ დაინტერესდებოდნენ ცელქი ბავშვები, სასწავლო ნაწილის დაგორებამ რომ გაამხიარულა, რამდენი სახეობის კიბე არსებობს? თუმცა, მოდით, ჯერ ამ ბავშვებს ის ვასწავლოთ, რომ მსგავს ამბებზე სიცილი არც მთლად საუკეთესო გადაწყვეტილებაა და როგორი და რამდენად სასარგებლო შეიძლება იყოს კიბეები, ცოტა მერე მოვუყვეთ. რაც შეეხება საკითხით დაინტერესებულ უფროსებს, იმით დავიწყოთ, როგორ განმარტავენ კიბეს საქმეში ჩახედული ადამიანები:
კიბე - ეს არის ინსტრუმენტის სახეობა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია გარკვეული სამუშაოების წარმოება სიმაღლეზე.
ინსტრუმენტი მარტივი კონსტრუქციის გახლავთ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მის არაერთ სახეობას ვხვდებით. ამასთან, კლასიფიკაცია შემდეგი ნიშნების მიხედვით ხდება:
1. კონსტრუქციის ფორმა;
2. მასალა, რისგანაც ინსტრუმენტი მზადდება;
3. რა ტიპის სამუშაოების შესრულებაა შესაძლებელი;
4. სიმაღლე და საფეხურების რაოდენობა.
ყველაზე მარტივი სახეობა ხის ცალმხრივი კიბეა, რომლის დამზადებაც საკმაოდ მარტივია და პრინციპში, ნებისმიერ ჩხირკედელა ადამიანს ხელეწიფება. ამისთვის საჭიროა ორი ძელი, რომლებიც ერთმანეთის პარალელურად უნდა განლაგდეს. ძელების პერპენდიკულარულად განთავსდება საფეხურები და სულ ეს არის, კიბე მზადაა. ერთი კია, ასეთ კიბეს ერთი ნაკლი აქვს - რომ ისარგებლოთ, ზედაპირს უნდა დააყრდნოთ.
ისეთი მოწყობილობების წარმოებისთვის, რომლებიც სიმაღლეზე მუშაობის საშუალებას იძლევა, შესაბამისი სტანდარტები გამოიყენება. ეს სტანდარტები, ითვალისწინებს, პირველ რიგში, შესაბამისი მასალების გამოყენებას, საფეხურების დამაგრების ხარისხს, ასევე, სხვა ტექნიკურ მახასიათებლებს.
ფორმისა თუ განლაგების მეთოდის მიხედვით, კიბეები შემდეგი ტიპისაა:
1. თავისუფლად დასადგამი კიბეები - აქვთ საკუთარი საბჯენი ფეხები, რაც მოწყობილობის დამხმარე ზედაპირზე მიმაგრების აუცილებლობას გამორიცხავს. ასეთი კიბეები მაღალი ხეებიდან მოსავლის აღებისას, ასევე, ტოტების გასხვლისას გამოიყენება.
2. დასამაგრებელი დახრილი კიბეები - სიმაღლეზე მუშაობისთვის განკუთვნილი კიბის სპეციალური სახეობა, რომლის ზედა ნაწილისთვის დამატებითი პლატფორმა არის გათვალისწინებული. საყრდენი პლატფორმის დანიშნულებაა, მასზე, მაგალითად, საღებავით სავსე ქილის განთავსება.
3. დასაკიდი კიბეები - ასეთი მოდელის თავისებურება ის გახლავთ, რომ მოჰყვება სპეციალური სამაგრი მოწყობილობები, რაც საშუალებას იძლევა, კიბე სასურველ ზედაპირზე დაეკიდოს. დამაგრების შემდეგ, კიბის გამოყენება ვერტიკალურ მდგომარეობაშია შესაძლებელი. ჩვეულებრივ, ასეთი კიბისთვის მობილურობა დამახასიათებელი არ არის, რადგან კონკრეტულ ადგილზე დამაგრების შემდეგ, ხანგრძლივი დროით გამოიყენება.
4. დასამაგრებელი ვერტიკალური კიბეები - ეს ყველაზე მარტივი სახეობაა, რომლის დახმარებითაც, სახლის სხვენზე მოხვედრა ოპერატიულად შეიძლება.
განხილული კიბეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ზედაპირის დატვირთვის პარამეტრია. საყოფაცხოვრებო ან სამეურნეო მიზნებისთვის განსაზღვრული კიბეებისა და კიბეპლატფორმებისთვის ეს პარამეტრი 2000 პასკალზე დაბალი არ უნდა იყოს.
- სად აპირებთ გამოყენებას - ეს შეიძლება იყოს დახურული სივრცე ან ღია სივრცე. შენობაში ხის კიბე გამოდგება იმ შემთხვევაში, თუ აქტიური სარემონტო სამუშაოები არ იგეგმება. ღია ცის ქვეშ უმჯობესია ალუმინის ან მინაბოჭკოვანი კიბეები.
- რა სახის სამუშაოები იგეგმება - ბუნებრივია, კიბის მთავარი დანიშნულება სამუშაოების სიმაღლეზე წარმოების შესაძლებლობაა. ჰკითხეთ საკუთარ თავს, სადენების იზოლირებას აპირებთ? თუ არა, მაშინ თამამად შეიძინეთ ისეთი მოდელი, რომელიც დენს ატარებს.
- კიბის გადაადგილების სიხშირე - თუკი საუბარია ხეების გადაჭრაზე ან კედლების შელესვაზე, უმჯობესია, არჩევანი ისეთ მოდელზე შეაჩეროთ, რომელიც ზედმეტად დიდი ან მძიმე არ იქნება.
- სიგრძე - დამოკიდებულია იმაზე, რა სიმაღლეზე იგეგმება სამუშაოების წარმოება. თუკი უნივერსალური ინსტრუმენტია საჭირო, სექციური კიბე საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
- რამდენ კილოს უნდა გაუძლოს - თუკი ადამიანის წონა 100 კილოგრამს აჭარბებს, სერიოზული დაფიქრებაა საჭირო. შეძენისას არ დაიზაროთ და კარგად გამოიკითხეთ, რა მაქსიმალურ წონაზეა გათვლილი ინსტრუმენტი.