ლაზერული თარაზო - ხელმარჯვე ოსტატების ხელმარჯვე დამხმარე |
ლაზერული თარაზო - ხელმარჯვე ოსტატების ხელმარჯვე დამხმარე |
რთულია, რომელიმე ხელსაწყო გამოარჩიო და თქვა, რომ აი, ზუსტად ეს არის, რაც ყველაზე აუცილებელია, თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა ვთქვათ, რომ ლაზერული თარაზო ნამდვილად არის ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი ინსტრუმენტი, რომელიც ნებისმიერ ადამიანს სჭირდება, ვინც მაგალითად, სარემონტო სამუშაოებს ასრულებს. თუმცა, რაღა თქმა უნდა, რემონტი არ არის ერთადერთი, სადაც ლაზერული თარაზო ფასდაუდებელ დახმარებას გვიწევს.
დავიწყოთ ამ ინსტრუმენტზე საუბარი და უკეთ გავერკვეთ, რატომ არის ლაზერული თარაზო ხელმარჯვე ოსტატების ხელმარჯვე დამხმარე:
ჩვეულებრივი თარაზოს გამოყენების შემთხვევაში, საჭიროა, დააკვირდეთ, როგორ მოძრაობს ჰაერის ბუშტი - როცა იგი ზუსტად შუაში ჩერდება, ესე იგი, ზედაპირი სწორია. გაცილებით მარტივად შეიძლება ამ ამოცანის შესრულება ლაზერული თარაზოს გამოყენებით.
ხელსაწყო ზედაპირზე მკვეთრ სხივს ან სხივებს აჩენს, გააჩნია მოდელს. სხივი მეტად მოსახერხებელია, როგორც ორიენტირი: აღარ არის საჭირო, მანძილი ე.წ. რულეტკით გაზომოთ, შემდეგ კი ე.წ. რეიკები გამოიყენოთ, რომ ბოლოს სწორი ხაზი ფანქრით გაავლოთ.
ლაზერული თარაზო ყველაფერს თავად აკეთებს. მაგალითად, დახრილ ზედაპირზე დაყენებისას ის ავტომატურად მიიღებს ჰორიზონტალურ პოზიციას. თუ დახრილობა ძალიან დიდია, ხელსაწყო მიანიშნებს, რომ ვერ რეგულირდება და საჭიროა ადგილის შეცვლა.
დავიწყოთ იმით, რომ ლაზერული თარაზო შეიძლება იყოს საყოფაცხოვრებო და პროფესიონალური.
მცირე რემონტისთვის ბინასა თუ კერძო სახლში საყოფაცხოვრებო ლაზერული თარაზო აბსოლუტურად საკმარისია, რაც შეეხება პროფესიონალურს, მას მასშტაბურ მშენებლობებზე იყენებენ და საყოფაცხოვრებოსთან შედარებით, ფასი მაღალი აქვს. შესაბამისად, თუკი სამშენებლო კომპლექსის აშენება არ გაქვთ გეგმაში, უმჯობესია, საყოფაცხოვრებო მოდელი შეიძინოთ.
საყოფაცხოვრებო მოდელების ცდომილება 0,3-დან 1,5 მილიმეტრამდეა, პროფესიონალურის შემთხვევაში - 0,2 მილიმეტრამდე.
ლაზერული თარაზოს სხივების მაქსიმალური რაოდენობა 16-ია, რაც მოდელზეა დამოკიდებული. ამასთან ერთად, ზოგიერთ მოდელს შეუძლია სხივები 360 გრადუსით განალაგოს. ანუ, მოწყობილობა იდგმება ოთახის შუაში, მოქმედებაში მოყვანის შემდეგ კი სხივების გენერირებას საკუთარი თავის გარშემო ახდენს, რაც ძალიან კომფორტულია, მაგალითად, ოთახების გადატიხვრის დროს.
რაც შეეხება ფერებს, სხივები შეიძლება იყოს წითელი და მწვანე. მიიჩნევა, რომ მწვანე ფერის სხივი უკეთესია ქუჩაში მუშაობის დროს - მზეზე უკეთ ჩანს. შენობის შიგნით კი ფერს გადამწყვეტი მნიშვნელობა დიდად არ აქვს.