ლობზიკი, ინსტრუმენტი, რომლის ხეირიანად გამოყენება ბევრი საოცარი შედეგის მომტანია |
ლობზიკი, ინსტრუმენტი, რომლის ხეირიანად გამოყენება ბევრი საოცარი შედეგის მომტანია |
ხერხის ეს სახეობა, ალბათ, ერთადერთი რამ არის დედამიწის ზურგზე, რასაც თან სიტყვა ბეწვი ახლავს და უსიამოვნო შეგრძნებებს არ იწვევს. არ გჯერათ? უკაცრავად და აბა, ბეწვი და მარწყვის ჯემი წარმოიდგინეთ, ხომ საშინელებაა?! ან უცხიმო ხაჭო და ბეწვი... ახლა კი ბეწვა ხერხი ვთქვათ, წარმოვიდგინოთ, გავიაზროთ, ხომ ყველაფერი რიგზეა? ჰოდა, ძალიანაც კარგი!..
კარგით, თუკი ვინმეს მაინც არ მოსწონს ბეწვა ხერხი, ლობზიკი გამოვიყენოთ, რა პრობლემაა, მით უმეტეს, ამ ინსტრუმენტის გამოყენება ნამდვილად ბევრი საოცარი შედეგის მომტანია.
ლობზიკი საყოფაცხოვრებო და პროფესიონალური არსებობს და ორივე ტიპის ყველა მოდელი ერთსა და იმავე მასალას უმკლავდება, იქნება ეს - ხე, თხელი ლითონი, „დეესპესა“ და „ოესბეს“ ფილები, ფანერა, პლასტმასა, ლამინატი თუ კაფელი.
ლობზიკი ერთმანეთისგან შემდეგი მახასიათებლების მიხედვით განსხვავდება:
ბეწვა ხერხის შერჩევა დამოკიდებულია იმაზე, სად იმუშავებთ, რა მასალაზე და რამდენად ხშირად.
ბეწვა ხერხი არსებობს როგორც აკუმულატორზე, ისე ელექტროქსელზე მომუშავე. პირველი ვარიანტი გამოგადგებათ იმ შემთხვევაში, თუკი ხშირად გიწევთ მუშაობა პირობებში, სადაც ელექტროენერგია ხელმისაწვდომი არ არის.
არსებობს ლობზიკი, რომლის აკუმულატორის მოცულობა 2 ამპერ/საათია, თუმცა ხანგრძლივი მუშაობისთვის ეს მაჩვენებელი არც თუ ეფექტიანია. თუკი ცივილიზაციისგან მოშორებით გიწევთ შრომა, თან უნდა იქონიოთ მინიმუმ ორი სათადარიგო აკუმულატორი 4-5 ამპერ/საათის მოცულობით.
თუკი თქვენს არსენალში უკვე მოიძებნება ელექტროინსტრუმენტები აკუმულატორით, რომელიც ლობზიკსაც მოერგება, დამატებითი ხარჯის გაღება არ მოგიწევთ. ერთი კია, აუცილებელი პირობაა, რომ მწარმოებელი ყველა ინსტრუმენტს ერთი და იგივე ჰყავდეს. ზოგადად, საკმაოდ ბევრი მწარმოებელი უშვებს ინსტრუმენტების ოჯახს, როცა ერთი და იგივე აკუმულატორი რამდენიმე ინსტრუმენტს ერგება.
თუკი ქსელთან კავშირის გარეშე მუშაობა არ გიხდებათ, მაშინ უმჯობესია ქსელური ბეწვა ხერხი შეიძინოთ. მას, პრინციპში, იგივე შესაძლებლობები აქვს გარდა მობილურობისა, ფასიც პრაქტიკულად, იგივეა, თუმცა, სამაგიეროდ, ძვირადღირებული აკუმულატორების შეძენა საჭირო აღარ იქნება.
ბეწვა ხერხის სიმძლავრე იმის მიხედვით უნდა შეარჩიოთ, რა მასალებთან იმუშავებთ, რამდენად ხანგრძლივი იქნება ჭრის პროცესი.
უმეტეს შემთხვევაში, სახლის პირობებში მუშაობისთვის 400-500 ვატიანი ლობზიკიც საკმარისია. ასეთი შესაძლებლობების მქონე ინსტრუმენტი წარმატებით გაუმკლავდება 60-70 მმ სისქის მქონე ხესა და 4 მმ-მდე ლითონს.
თუკი ხშირად და ბევრ სქელ მასალასთან გიწევთ მუშაობა, მაგალითად, 135 მმ-მდე სისქის ხის დაფებთან, არსენალს მინიმუმ 600 ვატიანი ლობზიკი უნდა შემატოთ.
გარდა ამისა, უფრო მძლავრი ბეწვა ხერხი მასალას ჭრის უფრო სწრაფად, ნაკლები ვიბრაციით, ჭრაც უფრო ხარისხიანი.
450 ვატამდე კატეგორიაში როგორც საყოფაცხოვრებო, ისე პროფესიონალური ლობზიკები გვხვდება. უფრო ძლიერი მოდელები, როგორც წესი, მხოლოდ პროფესიონალურ სეგმენტშია.