მაგიდის სანათის მიერ განვლილი გზა პალეოლითიდან 21-ე საუკუნემდე |
მაგიდის სანათის მიერ განვლილი გზა პალეოლითიდან 21-ე საუკუნემდე |
ლამის იმის მტკიცებულებაც კი არსებობს, რომ კომპიუტერი არც საუკუნეების წინ იყო უცხო ხილი და ის რომ ვთქვათ, მაგიდის სანათი უძველესი ისტორიის მქონე ნივთი არისო, ვის უნდა გაუკვირდეს?! ნუ, რა თქმა უნდა, სხვაობა დიდი იყო - ძველ დროში არავინ იტყოდა: „გამორთე ეგ სანათი, ტყუილად წვავს დენსო“, მაშინ, ალბათ, უფრო ასეთ რამეს გაიგონებდით: „ეგ ზეთი ციდან კი არ მოდის, ინათა და შეუბერე ახლა სული...“
დიახ, ძველად სინათლის წყაროდ ზეთის ლამპას იყენებდნენ, რომლის ერთ-ერთი ყველაზე პირველი სახეობა ალადინის ჯადოსნურ ლამპარს ჩამოჰგავდა.
როდის გაჩნდა ზეთის პირველი ლამპა, ზუსტ დროს სპეციალისტები ვერ ამბობენ, მაგრამ ის კი ცნობილია, რომ მას ჯერ კიდევ პალეოლითის ეპოქაში იყენებდნენ.
თანამედროვეობას რომ დავუბრუნდეთ, მაგიდის სანათები - ეს არის სანათების დიდი კლასი, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ლოკალური განათებისთვის გამოიყენება, თუმცა დღეს უკვე მაგიდის სანათი, რაღა თქმა უნდა, შესაძლოა, მხოლოდ დეკორის როლსაც ასრულებდეს.
ბუნებრივია, მაგიდის სანათის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ კითხვისთვის საჭირო კარგი განათებით უზრუნველყოფა შეუძლია. პრინციპში, იგივე შეუძლია ტორშერსაც, თუმცა ამ უკანასკნელისთვის ადგილის მოძიება ყოველთვის როდი ხერხდება...
კლასიკური სტილის თანამედროვე მაგიდის სანათების ერთ-ერთი წინაპარი შანდალი გახლავთ, რომლის ისტორიაც სათავეს იღებს ეტრუსკებიდან, თანამედროვე იტალიის ტერიტორიაზე მცხოვრები უძველესი ხალხებიდან.
შემდგომში რომაელებმა შანდალი მთელ ევროპას გააცნეს და იმდენად პოპულარული გახადეს, საუკუნეების მანძილზე, პრაქტიკულად, კონკურენტი აღარ გამოჩენილა. უფრო მეტიც, დღესაც კი შანდალს არაერთ ფეშენებელურ სახლსა თუ ოფისში შეხვდებით, როგორც ინტერიერის დიზაინის განუყოფელ ნაწილს.
შანდალს დგამდნენ მაგიდაზე ქაღალდებთან მუშაობისას, ტრაპეზის დროს, მოლაპარაკებების წარმოებისას. სანთლების ჭაღში ანთება ყოველთვის მიზანშეწონილი არ იყო და თან, გაცილებით მეტ ძალისხმევასაც მოითხოვდა. ამდენად, შანდალი ის გამოსავალი აღმოჩნდა, რომელიც ევროპელებმა მიიღეს და მოიწონეს.
პირველი ისტორიული ცნობები განათებაში ნავთის გამოყენების შესახებ 1846 წლით თარიღდება.
მიიჩნევა, რომ პირველი ნავთის ლამპები 1853 წელს გამოჩნდა - ავსტრიელმა აფთიაქარებმა ეგნატე ლუკასევიჩმა და იან ზეხმა საკუთარი ხელით გადაკეთებულ ლამპაში ზეთის ნაცვლად ნავთი ჩაასხეს და ძალიანაც საინტერესო შედეგი მიიღეს. იმავე წელს წარადგინა ნავთის ლამპა თხელი ფითილით ვენაში მცხოვრებმა რუდოლფ დიტმარმა. სწორედ ამ უკანასკნელის კონსტრუქცია გახდა ნავთის სერიული ლამპის პროტოტიპი, რომლის წარმოებაც ამერიკაში 1856 წელს დაიწყო.
საბოლოო ჯამში, ელექტროენერგიამ, სხვა ყველაფერთან ერთად, კაცობრიობას ერთ-ერთი ყველაზე საჭირო გამოგონება მოუტანა - სანათი!
პირველი, რაც მაგიდის სანათის შეძენამდე უნდა იცოდეთ, არის ის, სად და რა მიზნებისთვის აპირებთ მის გამოყენებას. კარგს იზამთ, თუ გაითვალისწინებთ, რომ ზოგიერთ სანათს მხოლოდ დეკორატიული ფუნქცია აქვს, მაშინ, როცა სხვების დანიშნულება შენობაში გარკვეული ტერიტორიის განათებაა.
მაგიდის სანათების შერჩევა ოთახის ზომებიდან გამომდინარე შეგიძლიათ, რაზეც ქვემოთ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ.
ეს არის სანათი, რომელიც საძინებელში, საწოლთან ახლოს, ტუმბოზე დგას. როგორც წესი, საძინებლის სანათს მომხმარებელი წყვილად ყიდულობს - თითო ტუმბოზე თითოს დასადგმელად, თუმცა თამამად შეგიძლიათ, არჩევანი განსხვავებულებზე გააკეთოთ. მაგალითად, თუკი თქვენ სხვა ტიპის სანათი მოგწონთ, პარტნიორს - სხვა, ადექით და განსხვავებულები შეიძინეთ.
წესით, ტუმბოზე განსათავსებელი სანათები საძინებლის სხვა ავეჯს უნდა შეესაბამებოდეს. მაგალითად, თუკი დიდი ტუმბოები გაქვთ, სანათიც, შესაბამისად, დიდი უნდა იყოს, თუკი ტუმბო პატარა ზომისაა, სანათიც პატარა უნდა შეარჩიოთ. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, თავად როგორც მოისურვებთ - Holst.ge-ზე ყველაზე პრეტენზიული გემოვნების დაკმაყოფილებაც შეიძლება.
თუკი მაგიდის სანათების უმეტესობა ადამიანს უკეთ ხედვაში ეხმარება, დეკორატიულის დანიშნულება უფრო ვიზუალური კომფორტის შექმნაა. რა თქმა უნდა, ოთახსაც ანათებს, თუმცა მხოლოდ დეკორატიული სანათის იმედად ყოფნა არც ისე გონივრული გადაწყვეტილებაა.
თუკი სახლში ცალკე სამუშაო ოთახი გაქვთ, ან გნებავთ, უბრალოდ, ოთახის ერთი პატარა კუთხეა შესაბამისად მოწყობილი, სათანადო განათება აუცილებლად დაგჭირდებათ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რამდენად კარგად არის სამუშაო სივრცე განათებული, პირდაპირ კავშირშია პროდუქტიულობასა და რაც მთავარია, ჯანმრთელობაზე.
როგორც წესი, მაგიდის სანათი ისეთი აგებულებისაა, ნებისმიერი კუთხის განათების საშუალებას იძლევა. ეს იმას ნიშნავს, რომ კომფორტულად მუშაობისთვის დამატებითი შესაძლებლობა გექნებათ.
როგორც საძინებლის ტუმბოს სანათის შემთხვევაში, მაგიდის სანათის ზომაც სამუშაო სივრცის შესაბამისი უნდა იყოს. კერძოდ, თუკი კომპაქტური მაგიდა გაქვთ, შეარჩიეთ მზირე ზომის სანათი, ხოლო თუკი სივრცეცა და მაგიდაც დიდი ზომისაა, შესაბამისად, სანათიც მოზრდილი უნდა იყოს.
მართალია, შეგიძლიათ, განსხვავებულებიც შეიძინოთ, მაგრამ ბუფეტის, სერვანტისა და ტუალეტის მაგიდისთვის, როგორც წესი, ორ ერთნაირ სანათს ირჩევენ ხოლმე. ხშირად, ასეთ სანათს ტუალეტის მაგიდის კიდეებში დგამენ. ჩვეულებრივ, ზომა 80 სანტიმეტრს არ აღემატება, ღერძი წვრილი, ხოლო აბაჟური - ფართო აქვს.
ცოტა შორეულ წარსულს თუ გავიხსენებთ, როგორც წესი, პორტეპიანოს სანათის დანიშნულება მუსიკოსისთვის ნოტების კითხვის გაადვილება იყო, თუმცა დროთა განმავლობაში, მასაც უფრო სიმბოლური დატვირთვა მიენიჭა.
ახლა ისიც ვთქვათ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება მაგიდის სანათის შერჩევისას. ნებისმიერ შემთხვევაში, მთავარია შემდეგი:
ნახსენებიდან განსაკუთრებული ყურადღება მაინც ფერთა ტემპერატურას უნდა დაუთმოთ.
სანათებისთვის, რომელთაც ნათურები ეცვლებათ, ეს დიდად მნიშვნელოვანი არ არის, რადგან მისი გამოცვლა ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ. რაც შეეხება შუქდიოდურ სანათებს, აქ უკვე ნამდვილად მნიშვნელოვანი ფაქტორია.