მანქანის მტვერსასრუტი - ესთეტიკისთვის, კმაყოფილებისთვის, დადებითი შეგრძნებებისთვის |
მანქანის მტვერსასრუტი - ესთეტიკისთვის, კმაყოფილებისთვის, დადებითი შეგრძნებებისთვის |
ავტომობილი არა მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებაა, არამედ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილიც გახლავთ. გვინდა თუ არ გვინდა, ავტომობილის მოვლას საკმაოდ დიდი ყურადღება ეთმობა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სულ რომ არავინ აიბზუოს ცხვირი ჩვენი „რკინის რაშების“ არც თუ საამაყო სისუფთავეზე, თავად გვიწევს სალონში ჯდომა და ბუნებრივია, პირველ რიგში, თავადვე გვჭირდება ესთეტიკურად მაინც ვიყოთ კმაყოფილები, როცა ნერვების მომშლელ დაუსრულებელ საცობებში ვდგავართ. სისუფთავის შენარჩუნებისთვის კი ერთ-ერთი საკვანძო ელემენტი მანქანის მტვერსასრუტი გახლავთ.
რა თავისებურებებით გამოირჩევა მანქანის მტვერსასრუტები, როგორ შევარჩიოთ და რას მივაქციოთ ყურადღება, შეიკარით ღვედი, ხანმოკლე, მაგრამ ძალიან საჭირო მოგზაურობაში მივდივართ...
პრინციპში, როგორც ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო მტვერსასრუტები, მანქანის მტვერსასრუტების უმრავლესობაც ზუსტად იმავე პრინციპით მუშაობს. მაგალითად, ამ შემთხვევაშიც, ღილაკზე თითის დაჭერით ელექტრომოტორი ირთვება, რომელიც კვებას ან მანქანის შიდა ქსელიდან ან მასში ჩაშენებული აკუმულატორიდან იღებს. შესაბამისი ხვრელებიდან მტვერი, ნარჩენები და ნამცეცები მტვერსასრუტის კორპუსის შიდა ნაწილში შეიწოვება. ნარჩენები, ბუნებრივია, შიგნით რჩება, ჰაერი კი, ფილტრის გავლის შემდეგ, კვლავ გარეთ გადის. როგორც წესი, უწყვეტად მუშაობის დრო 30 წუთია, რაც პრინციპში, აბსოლუტურად საკმარისია, რომ სალონი სრულყოფილად დასუფთავდეს.
მანქანის მტვერსასრუტი გათვლილია მშრალი ნარჩენების შეგროვებაზე, როგორიც არის, მაგალითად, საკვების ნამცეცები, მტვერი, ბეწვი, ქვიშა და ასე შემდეგ. სწორედ ასეთი სახის ნარჩენებს ვხვდებით მანქანებში. თუმცა, იწარმოება მტვერსასრუტის ისეთი მოდელებიც, რომელთა დახმარებითაც, ამ ყველაფრის გარდა, სალონიდან სითხის მოშორებაც შეიძლება. ასეთი ფუნქცია ნამდვილად დიდი პლუსია განსაკუთრებით მაშინ, როცა მას გამოიყენებთ გაზაფხულზე, ზამთარსა და გვიან შემოდგომაზე. ასევე, ასეთი მოწყობილობის დახმარებით შესაძლებელი იქნება სავარძელზე დაღვრილი სასმელების სწრაფად მოშორება.
მანქანის მტვერსასრუტს ამუშავებს როგორც აკუმულატორი და ელემენტი, ისე მანქანის სანთებელას ადაპტერიც.
აკუმულატორისა და ელემენტის მოდელი ძალიან კომფორტულია, რადგან არ აქვს სადენი და შესაბამისად, გამოყენებისას არაფერი აიბურდება, არაფერი გამოედება სავარძლებს და ასე შემდეგ. სხვათა შორის, ასეთი მტვერსასრუტი სახლშიც შეიძლება გამოდგეს ისეთი ადგილების დასასუფთავებლად, სადაც საყოფაცხოვრებო მტვერსასრუტი უძლურია.
მტვერსასრუტი, რომელიც სანთებელას ადაპტერში ერთდება, რეგულარულად დატენას არ საჭიროებს და მუშაობისთვის ნებისმიერ დროს მზად არის. მოდელების უმეტესობა 12 ვოლტზე მუშაობს.
ასეთი მოდელის შერჩევის შემთხვევაში, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება სადენის სიგრძეს - ჩვეულებრივი ავტომობილისთვის უნდა იყოს მინიმუმ 2,5 მეტრი, ხოლო ჰეჩბეკებისთვის, უნივერსალებისა და სატვირთოებისთვის - 3,5-4 მეტრიდან.
ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ხშირად გამოიყენებთ, რამდენად დიდია თქვენი ავტომობილის სალონი, სად შეინახავთ მოწყობილობას. უშლანგო მტვერსასრუტის აშკარა უპირატესობა მისი კომპაქტურობა გახლავთ, რადგან შენახვა განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშეა შესაძლებელია. თუმცა, ყოველთვის როდი მოხერხდება, რომ მოწყობილობის კორპუსით ვიწრო ადგილებს მიუდგეთ, მაგალითად, სივრცეს სავარძლის ქვეშ. აი, შლანგიანი მოდელი ამ მხრივ გაცილებით პრაქტიკულია, რადგან მოქნილი შლანგი ყველაზე რთულად მისადგომ ადგილებსაც მისწვდება.
რეკომენდებულია, მანქანის მტვერსასრუტით სალონის დალაგების პროცესი მაქსიმუმ 30 წუთს გაგრძელდეს, რათა აკუმულატორი ზედმეტად არ დატვირთოთ.
როცა საქმეს მოითავებთ, სადენი ენერგიის წყაროდან უხეშად არ გამოქაჩოთ, რათა შეერთების ადგილი არ დააზიანოთ.
სადენი მოარიდეთ მაღალ ტემპერატურას, ზეთებს. არ მოათავსოთ მძიმე ნივთების ქვეშ, ან გამოყენებისას არ მოაყოლოთ მანქანის კარებში.
მოწყობილობა არ არის გათვლილი ადვილად აალებადი და ფეთქებადსაშიში საშუალებების შეგროვებაზე. ამდენად, კატეგორიულად არის აკრძალული მაგალითად, მიაკაროთ დაღვრილ ზეთს, ფერფლს, სიგარეტს. ასეთი დაბინძურებისთვის სპეციალური პროფესიონალური მტვერსასრუტებია განსაზღვრული, რომელთაც ელექტროდაცვის მაღალი ხარისხი გამოარჩევთ, ასევე, ფილტრაციის რთული სისტემა. ასევე, თუკი მოწყობილობა განკუთვნილია მხოლოდ მშრალი ნარჩენების მოგროვებაზე, არ შეიძლება თხევადი ნარჩენების მოწმენდა. ამას შეიძლება, სერიოზული დაზიანება მოჰყვეს.