მოტობლოკი მიწის თქვენს ჭკუაზე მოვლისა და დამუშავების ჩინებულ შესაძლებლობას მოგცემთ |
მოტობლოკი მიწის თქვენს ჭკუაზე მოვლისა და დამუშავების ჩინებულ შესაძლებლობას მოგცემთ |
ნასვამმა ტრაქტორისტმა დასათესი მიწების რაოდენობა რამდენიმე ჰექტრით გაზარდაო, ვიღაც წუხდა იმ დღეს... შესაძლოა, მადლობასაც კი იმსახურებდეს ასეთი ადამიანი, მაგრამ რაც გევალება, ის რომ უნდა აკეთო, ალბათ, დაგვეთანხმებით. ჰოდა, რაკი ასეა, ერთ ფრიად საინტერესო რჩევას მოგცემთ, თუ შეიძლება, რასაკვირველია: მოტობლოკი მიწის თქვენს ჭკუაზე დამუშავების ჩინებულ შესაძლებლობას მოგცემთ და აღარც ალკოჰოლის მოყვარული ტრაქტორისტის გამო მოგიწევთ ნერვების შლა და გამიშვი-გაგიშვი.
რამდენად საჭიროა მოტობლოკი, იგივე ხელის ტრაქტორი, კი გეცოდინებათ, მაგრამ მისი შესაძლებლობების ჩამონათვალი იმდენად შთამბეჭდავია, რამე რომ არ გამოგრჩეთ, ყოველი შემთხვევისთვის, ყველაფერს მაინც დეტალურად შეგახსენებთ.
ხელის ტრაქტორი, იგივე მოტობლოკი უკიდურესად საჭირო და სასარგებლო დამხმარეა ყველასთვის, ვინც მეურნეობას უძღვება, რადგან აგრარული სამუშაოების უზარმაზარ ჩამონათვალთან გამკლავებას ახერხებს. მაგალითად, გამოიყენება ნიადაგის გაფხვიერებისთვის, მცენარეების დარგვისთვის, მოსავლის აღებისთვის და ასე გაგრძელება კიდევ დაუსრულებლად შეიძლება. დამატებითი აღჭურვილობა შესაძლებელს ხდის, მოტობლოკი იქცეს, მაგალითად, გაზონის საკრეჭად, თოვლის გამწმენდად და უფრო მეტიც, გადაადგილების საშუალებადაც კი.
შეიძლება ითქვას, რაც უფრო მძლავრია მოტობლოკი, მით მეტი ოპერაციის შესრულება ხერხდება და მით მეტად ეფექტიანია ეს ტექნიკა.
მოტობლოკების არსებული მოდელები წონის მიხედვით სამ ძირითად კატეგორიად იყოფა. პირველში შედის ზემსუბუქი და მსუბუქი მოდელები 40 კილოგრამამდე, საშუალო კატეგორია გახლავთ 40-დან 80-90 კილოგრამამდე, ხოლო მესამე, მძიმე კატეგორიაში შესული მოდელის წონა 350 კილოგრამსაც აღწევს. ასეთი მოტობლოკი დიდი მიწების დამუშავებისთვის არის შექმნილი და როგორც წესი, გამოიყენება დიდ მეურნეობებში საკმაოდ რთული სამუშაოების შესრულებისთვის.
პირველი კატეგორიის შემთხვევაში, საუბარია მცირე ზომის ფართობზე. ასეთი მოდელი ბევრად მანევრირებადია, გამოირჩევა კომპაქტური და კომფორტული მართვით.
საშუალო კატეგორიის ხელის ტრაქტორი სხვადასხვა დამატებითი აღჭურვილობის გამოყენების საშუალებასაც იძლევა. გამოიყენება განსხვავებული სახეობის ნიადაგის დამუშავებისთვის და რთული სამუშაოების საკმაოდ ფართო სპექტრსაც უმკლავდება.
მძიმე მოტობლოკი პროფესიონალური დონის ტექნიკა გახლავთ. გამოირჩევა შთამბეჭდავი რესურსით და 45 ჰექტარზე მეტის დამუშავების შესაძლებლობას იძლევა. გარდა ამისა, გამოიყენება ტვირთის გადასაზიდად და გადაადგილებისთვის.
პირველ რიგში, წონა ხელს უწყობს ნიადაგის ღრმა დამუშავებას და შესაბამისად, შედეგიც ბევრად ეფექტიანია. თუმცა, მცირე წონა ნაკლი ნამდვილად არ გახლავთ, ვინაიდან მსუბუქი მოტობლოკი მარტივი დავალებებისთვის შეუცვლელი გახლავთ.
ყურადღება უნდა მიექცეს წონის გადანაწილებას. თუკი ძრავა წინ არის გაწეული, დატვირთვა ოპერატორის ზურგზე მოდის. თუკი ძირითადი წონა ოპერატორთან ახლოს არის განლაგებული, მუშაობის დროს ხელები უფრო მალე დაეღლება. ოპტიმალური ვარიანტია, როცა წონის გადანაწილება ცენტრალურ ნაწილზე მოდის. აქვე ისიც ვთქვათ, რომ მსუბუქი მოტობლოკის დატვირთვა და დაბალანსება ყოველთვის უფრო იოლია, ვიდრე საშუალო და მძიმე მოდელების.
მიუხედავად იმისა, რომ დიზელის მოტობლოკი უფრო მძლავრია, გაცილებით მოთხოვნადი ბენზინის მოდელებია. სეზონური სამუშაოებისთვის ფერმერთა უმეტესობა სწორედ ბენზინის მოტობლოკზე აკეთებს არჩევანს, ვინაიდან უფრო მეტი სამუშაოს შესრულებაც შეუძლია და ამასთან ერთად, ფასიც უფრო ხელსაყრელი აქვს. ყოველდღიური ინტენსიური სამუშაოებისთვის უპირატესობა დიზელის ვერსიას ენიჭება.
ზეთი, რომელიც მოტობლოკის მოვლისთვის არის საჭირო, როგორც წესი, სხვა რეკომენდაციებთან ერთად ინსტრუქციაშია გაწერილი. ზოგიერთი მოდელისთვის საწვავისა და ზეთის ნაზავია საჭირო სწორი პროპორციებით, რაც მოტორის ტაქტებზეა დამოკიდებული. 2-ტაქტიანი ძრავა ნაზავზე მუშაობს, 4-ტაქტიანი - სუფთა ბენზინზე.
ბუნებრივია, უმჯობესია, მოტობლოკში მხოლოდ ხარისხიანი საწვავი და ზეთი გამოიყენოთ. ზოგადად, საპოხ მასალაზე ეკონომიის ნამდვილად გაკეთება არ ღირს.
უპირატესობების ჩამოთვლა კიდევ შეიძლება, თუმცა, ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობიაო, ხომ იცით. ერთხელ ნანახზე შთამბეჭდავი კი ერთხელ გამოყენებაა - დიდი ალბათობით, იმდენად მოიხიბლებით, მეორედ, მესამედ და მეასედ გამოყენება, წესით, არასოდეს დაგეზარებათ...