| პერფორატორი - ლამის გრამატიკასავით მოსაფრთხილებელი ინსტრუმენტი |
| პერფორატორი - ლამის გრამატიკასავით მოსაფრთხილებელი ინსტრუმენტი |
პერფორატორი თუ პერფერატორი? შესაკრებთა გადანაცვლების მიუხედავად, იმავე ჯამის მიღებისა არ იყოს, ერთი ასო აქეთ, ერთი - იქით, საერთოდ არაფერი იცვლება.
და პნევმატური თუ პნევმატიკური? პრინციპში, დიდად არც აქ იცვლება რამე, მაგრამ სწორი ფორმა მაინც პნევმატიკურია...
არა, სინამდვილეში ისეთ ინსტრუმენტზე ვაპირებთ საუბარს, ეს გრამატიკული დამოძღვრები ცოტა არ იყოს, უადგილო გამოდის და მთავარი ვთქვათ, აშკარად ჯობია. ერთი ეგ არის, პერფორატორით მუშაობასაც ლამის ისეთი მოფრთხილება და ისეთი სიზუსტე სჭირდება, როგორც - ჩვენი მშვენიერი ენის გრამატიკას.
ალბათ, მარტივად შევთანხმდებით, რომ თუნდაც ყველაზე საუკეთესო პერფერატორი გქონდეთ, რა თქმა უნდა, მოფრთხილება აუცილებლად სჭირდება.
დავიწყოთ იმით, რომ ყოველი გამოყენების შემდეგ, კორპუსის მტვრისგან გაწმენდაა საჭირო. ასევე, რეკომენდებულია პერფორატორი ყოველი 25 საათიანი მუშაობის შემდეგ შეიზეთოს. როგორც წესი, შეზეთვისთვის, მწარმოებლები ინსტრუმენტს კორპუსზე სარქველს აყოლებენ, რომელშიც უბრალოდ, შესაბამისი სითხე უნდა დაემატოს. აქვე ისიც ვთქვათ, რომ რეკომენდებულია საპოხის გამოყენება, რომელიც სპეციალურად პერფორატორებისთვის მზადდება.
რაღა თქმა უნდა, მოვლა-პატრონობის გარდა, პერფორატორის გამართულად მუშაობაზე გავლენას ახდენს მისი სწორი ექსპლუატაცია. იგულისხმება ინსტრუმენტის რეგულარულად შესვენება, ასევე, არაფრით შეიძლება მისი გამოყენება არადანიშნულებისამებრ, აუცილებელია სიმძლავრეების გათვალისწინება და ასე შემდეგ.
პერფორატორი ერთნაირი წარმატებით გამოიყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში, მეურნეობაში, მშენებლობაში. მისი დახმარებით შესაძლებელია ხვრელების გაკეთება, მაგალითად, კედელში, რათა დაამაგროთ თარო თუ პლინთუსი. ინსტრუმენტი გახვრეტს ბეტონს, აგურს, ქვას. დანიშნულება იმაზეა დამოკიდებული, რა რეჟიმებით არის ეს ჩვენი პერფერატორი აღჭურვილი.
აქვე ისიც დავამატოთ, რომ პერფორატორი სხვადასხვა ზომისა და წონის არსებობს: მსუბუქი - 4 კგ-მდე, საშუალო - 4-5 კგ და მძიმე - 5 კგ-დან. ინსტრუმენტის გაბარიტებზეა დამოკიდებული დარტყმის ძალა და სიმძლავრე.
პერფორატორის მთავარი დანიშნულება, რა თქმა უნდა, ბურღვაა, თუმცა ასევე წარმატებით გამოიყენება უსწორმასწორო ზედაპირების გაწმენდისთვის, კედლის ჩამოშლისთვის, ელექტროსადენების დაკვალვისთვის, ბეტონის, აგურის, ხელოვნური თუ ნატურალური ქვების გასახვრეტად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
პერფორატორის მოდელების უმეტესობა აღჭურვილია სამი ფუნქციით. არსებობს ერთრეჟიმიანი, ორრეჟიმიანი და სამრეჟიმიანი ვარიანტებო. ბურღვის ოპერაცია ყველა მოდელს აქვს, სხვა ფუნქციები - კომპლექტაციისა და ფასის მიხედვით განისაზღვრება.
არსებობს სხვადასხვა ტიპის პერფორატორი, რომელიც ამგვარად კლასიფიცირდება:
პერფორატორი, რომელიც საყოფაცხოვრებო სფეროსთვისაა განკუთვნილი, არც ისე მძიმე (2-დან 5 კილოგრამამდე) და მძლავრია. ასეთი მოწყობილობის მთავარი დანიშნულებაა მცირე რემონტი ავტოფარეხში, აგარაკსა და სახლში.
ნახევრად პროფესიონალური პერფორატორის გამოყენება შეიძლება როგორც საშინაო, ისე პროფესიონალურ პირობებში. ასეთი ინსტრუმენტის წონა 5-8 კილოგრამია, ხოლო დარტყმის ძალა 2,5-7 ჯოული.
პროფესიონალური ტიპი - ეს არის მძლავრი პერფორატორი, რომლის დარტყმის ძალა მინიმუმ 8 ჯოულია, ხოლო წონა - 6 კილოგრამიდან.
ხელსაწყო რომ სწორად შეარჩიოთ, ყურადღება უნდა მიაქციოთ შემდეგ ტექნიკურ მახასიათებლებს:
რაც უფრო დიდია ინსტრუმენტი, სიმძლავრეც მით მეტი აქვს. ასეთი პერფორატორი მარტივად გაუმკლავდება რთულ და მოცულობით საქმესაც, თუმცა გახსოვდეთ, რომ დიდი ზომის ინსტრუმენტისგან ხელებიც მალე დაგეღლებათ და პაუზის გაკეთება მოგიწევთ. ამდენად, თუკი მხოლოდ სახლის სამუშაოები გაქვთ შესასრულებელი, დიდი და მძლავრი ინსტრუმენტის შეძენა ნამდვილად არ გიღირთ.


