რაც დრო გავა, ჰაერის კომპრესორს მით მეტად „დაუმუღამებთ“ და მისგან მაქსიმალურ სარგებელს მიიღებთ |
რაც დრო გავა, ჰაერის კომპრესორს მით მეტად „დაუმუღამებთ“ და მისგან მაქსიმალურ სარგებელს მიიღებთ |
„სიყვარულია მშობელი ოცნებისა, ოცნება აღვიძებს კაცთა მოდგმის მთვლემარე გონებას, გონება აღძრავს ქმედებას, პლუს-მინუს, ემცე კვადრატ, ეფ, ფუძე... ვნებათაღელვის, უსასრულობისა და შეცნობილი აუცილებლობისაკენ... მიდით, ერთაოზ“...
ჰქონოდათ ჰაერის კომპრესორი ბიძია-ბაბუასა და ძუყნურელ ერთაოზ ბრეგვაძეს, აღარავის შეეპარებოდა ეჭვი, რომ გაფრინდებოდნენ. თუმცა, მაინც კი მოახერხეს გაფრენა, დატოვეს „გალსტუკიანი პეპლები“ ხახამშრალები და ვერც პირდაპირ ფეხებში ესროლა ვინმემ...
სროლა და ბროწეულის ოყნები იქით იყოს და ჰაერის კომპრესორი მთლად ცაში ასაჭრელად თუ არა, უამრავი რამისთვის გამოსადეგი დანადგარია და მოდით, კარგად ჩავუღრმავდეთ ამ ამბავს.
შეიძლება ითქვას, თითქმის ყველა ადამიანმა იცის, რა არის ჰაერის კომპრესორი. ყოველ შემთხვევაში, უმრავლესობას ყური მაინც ექნება მოკრული. ყველაზე მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, შეკუმშული ჰაერი მანქანისა თუ ველოსიპედის საბურავების გასაბერად გამოიყენება. ერთი ეგ არის, ჰაერის კომპრესორის გამოყენების სპექტრი გაცილებით მრავალფეროვანია, ვიდრე საბურავების დაბერვაა. ჰაერის კომპრესორი უამრავ სფეროში გამოიყენება, მათ შორის, სოფლის მეურნეობაში. კომპრესორი, მაგალითად, ფერმაში, შეუფასებელი ინსტრუმენტია, როგორც, რა გითხრათ, თუნდაც, გუთანი ან - ტრაქტორი. ფერმებში ჰაერის კომპრესორის დავალებების დიაპაზონი მართლაც შთამბეჭდავია და რაც მთავარია, დანადგარის ინოვაციური გამოყენების სია მუდმივად ახლდება.
აქვე ისიც ვთქვათ, რომ ჰაერის კომპრესორებს იყენებენ არა მხოლოდ მსხვილი სასოფლო-სამეურნეო კორპორაციები, არამედ, დანადგარი პოპულარულია მცირე ფერმების მეპატრონეებსა თუ იმ ადამიანებში, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სხვადასხვა კულტურების მოშენებით - ჰაერის კომპრესორს მათი სამუშაოს მნიშვნელოვნად გამარტივების ყველანაირი რესურსი გააჩნია.
ეს სია ბევრ იდეას და ვარიანტს სთავაზობს მათ, ვინც მცირე ფერმას უძღვება. მთავარი ის არის, რომ რაც დრო გავა, ჰაერის კომპრესორს მით მეტად „დაუმუღამებთ“ და მისგან მაქსიმალურ სარგებელს მიიღებთ.
აი, რისთვის გამოიყენება ყველაზე უფრო ხშირად ჰაერის კომპრესორები:
ჰაერის კომპრესორის გამოყენების ამ ყველაზე მარტივ მაგალითს, ბუნებრივია, გვერდს ვერ ავუვლით და დიახ, იქიდან გამომდინარე, რომ პრინციპში, სატრანსპორტო საშუალებებს ნებისმიერი ფერმა ფლობს, მათ შორის, ალბათ, მაღალი გამავლობის მანქანებსაც, კომპრესორი უკიდურესად აუცილებელია. მიუხედავად იმისა, რომ ყველა რელიეფის საბურავები გამძლეა, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო წნევის შენარჩუნებას ზრუნვა სჭირდება. ამდენად, საკუთარი ჰაერის კომპრესორის ქონა ბევრად აადვილებს საბურავების მოვლას.
ავტომობილების პარალელურად, ფერმერებს მისაბმელიც სჭირდებათ, მაგალითად, პირუტყვის ბაზარზე წასაყვანად ან პირიქით, ახლადშეძენილი საქონლის ფერმაში მისაყვანად. მისაბმელის დაბერილი საბურავები საშუალებას იძლევა, ნებისმიერ სიტუაციას მზადყოფნაში დაუხვდეთ.
ხელმარჯვეობა ნებისმიერი ფერმერის დამახასიათებელი თვისებაა და ხშირად, თუკი რამეა გასაკეთებელი, საკუთარი ხელით მუშაობას არჩევენ. ყოველ შემთხვევაში, მცირე მასშტაბის კონსტრუქციის ასაგებად ხელოსნების გამოძახება არც მთლად საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ასეთ სამუშაოებში კი მისწრებაა ლურსმნის პნევმატიკური პისტოლეტი, რომელიც მოქმედებაში შეკუმშულ ჰაერს მოჰყავს.
პნევმატიკური პისტოლეტის უმეტესობა შეიძლება გამოიყენოთ მცირე ზომის ჰაერის კომპრესორებთან, თუმცა, გულდასმით შეამოწმეთ თქვენი პისტოლეტის ინსტრუქცია, წნევის როგორი მაჩვენებელი სჭირდება მუშაობისთვის.
რა თქმა უნდა, თუკი მოგესურვებათ, თამამად შეგიძლიათ შეღებოთ სახლი, ავტოფარეხი, ბეღელი და შენობები ძველებური მეთოდებით - ფუნჯითა თუ სახელურიანი ლილვაკით, მაგრამ საღებავის საფრქვეველი ჰაერის კომპრესორით სამუშაოს ბევრად უფრო გაამარტივებს.
შეკუმშული ჰაერის გამოყენება აღჭურვილობის გასაწმენდადაც შეიძლება გამოიყენოთ, თუმცა, არასოდეს მიმართოთ ამ მეთოდს ტანსაცმლისა თუ ტყავის საწმენდად. რეკომენდებულია, პირველ რიგში, სცადოთ აღჭურვილობის გაწმენდა ჯაგრისებით ან სხვა მეთოდებით, შეკუმშული ჰაერი კი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენეთ, თუ სასურველ შედეგს ვერაფრით იღებთ. შეკუმშული ჰაერი ისეთ ადგილას მოიხმარეთ, რომელიც სათანადოდ ნიავდება, ამასთან, აუცილებლად მოირგეთ დამცავი ტანსაცმელი და არც სათვალეები დაგავიწყდეთ. სატვირთო მანქანის საბურავები, მისაბმელი და სხვა მძიმე ტექნიკა შეიძლება დაბალი წნევის კომპრესორის გამოყენებით გაიწმინდოს.
რძის წარმოება ერთ-ერთი ყველაზე შრომატევადი საქმიანობაა და ვისაც ძროხები, თხები თუ ცხვრები ჰყავს, იმასაც დაადასტურებს, რომ საქმე ყოველთვის საკმარისზე მეტია. ყოველდღიური შრომის შესამსუბუქებლად შეკუმშული ჰაერი გამოიყენება საწველი დანადგარების სამართავად. ჰაერის კომპრესორს ასევე იშველიებენ საწველი სისტემების გასაწმენდად.
ჭიშკარი პნევმატიკური ამძვრელით ხშირად გამოიყენება ფერმებში საწველ დანადგარებთან ერთად. ავტომატური კარები პირუტყვის საწველად გაყვანასა და კონტროლში ფერმერებს დიდად ეხმარება
ხეხილის ზრდისა და განვითარებისთვის, სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მავნებლების განადგურებისთვის სპეციალური ნივთიერებების გამოყენებაა საჭირო. ჰაერის კომპრესორის დახმარებით, ამ პროცესის წარმართვა გაცილებით მარტივად და მოკლე დროში ხერხდება. ჰაერის კომპრესორი ხშირად მისაბმელისა თუ სატვირთოს ძარაზე მონტაჟდება. მძღოლი ტრანსპორტს მართავს, მეორე ადამიანი კი, რომელსაც აუცილებლად დამცავი ტანსაცმელი უნდა ეცვას, საჭირო ნივთიერებას შლანგით მცენარეებს ასხამს. ჰაერის კომპრესორები ასევე გამოიყენება ინსექტიციდების, ფუნგიციდების და სასუქების ფართო სპექტრის შესხურებისთვის.
თევზის მოსაშენებლად, როგორც ცნობილია, სპეციალური ტბორები გამოიყენება. ასე გაზრდილ თევზს სუფთა, დიდი რაოდენობის ჟანგბადით გაჟღენთილი წყალი ესაჭიროება. ჰაერის კომპრესორი შეიძლება ფილტრაციის სისტემებისა თუ ჟანგბადის გენერატორად გამოდგეს.
ახალი ტიპის ჭაბურღილის ტუმბოები ზედაპირზე წყლის ამოსაქაჩად შეკუმშულ ჰაერს იყენებენ. ეს მეთოდი ეფუძნება იმ ფაქტს, რომ ჰაერი წყალზე მსუბუქია და მას ზედაპირისკენ უბიძგებს და გამოსადეგია იმ შემთხვევაში, როცა ელექტროძრავიანი ტუმბოების ალტერნატივაა მოსაძიებელი.
ბევრი მსხვილი ფერმერი, რომელსაც მაგალითად, სტაფილო მოჰყავს, შეკუმშული ჰაერის სისტემებს მათი გადამამუშავებელი უბნების გასასუფთავებლად იყენებს. მცირე ფერმერებს შეუძლიათ გამოიყენონ შეკუმშული ჰაერი ბოსლების გასასუფთავებლად, სადაც ნაკელი და სხვა ნარჩენი შეიძლება დაგროვდეს.
ჰაერის კომპრესორზე კიდევ ბევრი საუბარი შეიძლება, თუმცა ეს 11 მაგალითი, ვფიქრობთ, ამ ეტაპზე აბსოლუტურად საკმარისია. ასევე, თავადაც შეგიძლიათ, დანადგარს აბსოლუტურად განსხვავებული დანიშნულება მოუძებნოთ - ოოო, რომ იცოდეთ, როგორ პატივს ვცემთ ტიტანურ აზრებს!..