რატომ და რისთვის არის საჭირო მოტობლოკი? |
რატომ და რისთვის არის საჭირო მოტობლოკი? |
მინი ტექნიკა სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს და პრინციპში, გასაკვირი ამ ამბავში არც არაფერია. წარმოიდგინეთ ძალიან მარტივი რეალობა - როცა შესაძლებელია, საქმესთან გამკლავებისთვის ნაკლები თანხა დახარჯო, მაგრამ შედეგი მაინც შთამბეჭდავი მიიღო, რატომ უნდა მიაყენო პირად ბიუჯეტს „შოკები და შოკუნიები“?!
საერთოდაც, Holst.ge აძლევს მომხმარებელს ჩინებულ შესაძლებლობას, სასურველი ტექნიკა, აღჭურვილობა, ხელსაწყოები და ასე შემდეგ, მაქსიმალურად ხელსაყრელ ფასად შეიძინოს. რაღა თქმა უნდა, ზუსტად ასეა მოტობლოკის შემთხვევაშიც, რომელზეც ქვემოთ დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით.
ხელის ტრაქტორი გამოიყენება, მაგალითად, ნიადაგის კულტივაციისთვის, მცენარეების დარგვისთვის, მოსავლის აღებისთვის, ითავსებს აერატორისა და სკარიფიკატორის ფუნქციებს. დამატებითი აღჭურვილობა საშუალებას იძლევა, მოტობლოკი გაზონის საკრეჭადაც გადაკეთდეს, ასევე, თოვლის საწმენდად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ... თუმცა, ეს დასასრული სულაც არ არის - დიდი ზომის ჯაგრისით მოტობლოკი ასფალტს მტვრისგან დაასუფთავებს, მიწას - ფოთლებისგან. მოკლედ, ასეთი უნივერსალური დანადგარია მოტობლოკი და რაც უფრო მძლავრია მოდელი, მით ეფექტიანია.
მოტობლოკის მოდელები წონის მიხედვით სამ ძირითად კატეგორიად იყოფა. პირველში შედის ზემსუბუქი და მსუბუქი მოდელები, რომელთა წონა 40 კილოგრამამდე მერყეობს. საშუალო კატეგორიაა მოდელები 40-დან 80-90 კილოგრამამდე, ხოლო მესამე, მძიმე კატეგორიაში უკვე ადგილს იკავებენ მოდელები, რომელთა წონაც 90 კილოგრამს აღემატება. მძიმე ტექნიკის მასა შესაძლოა, 350 კილოგრამსაც აღწევდეს და როგორც წესი, დიდ მეურნეობებში, საკმაოდ რთული დავალებების შესასრულებლად გამოიყენება.
რთული საქმისა და დიდი ტერიტორიის კულტივაციისთვის იდეალურია მძლავრი მოდელი. მიუხედავად იმისა, რომ დიზელის მოტობლოკი ბენზინისაზე მძლავრია ხოლმე, უფრო ხშირად მაინც ბენზინზე მომუშავე მოდელს ყიდულობენ. სეზონური გამოყენებისთვის და ასევე, საშუალო ფართობის დამუშავებისთვის სწორედ ბენზინის მოდელია უმჯობესი და ფასითაც ბევრად ხელმისაწვდომია. რაც შეეხება აქტიურ და ყოველდღიურ საქმიანობას, დიდი ფერმებისთვის დიზელის ვერსია ჯობიაო, საქმეში ჩახედული ხალხის რჩევაა...
მოტობლოკის სიჩქარეების დიდი რაოდენობა საშუალებას იძლევა, გარკვეული სამუშაოები კიდევ უფრო იოლად და კომფორტულად შესრულდეს. მაგალითად, პირველი სიჩქარე უნდა იყოს ნელი და რაც შეიძლება მაღალი ბრუნვის, მყარი და მკვრივი ნიადაგის ხარისხიანი დამუშავებისთვის.
მოტობლოკის სიჩქარეთა გადაცემის კოლოფებს შეიძლება ჰქონდეს: 2+1 - ორი წინა და ერთი უკანა სიჩქარე, 3+1 - სამი წინა სიჩქარე და ერთიც - უკანა. ასეთი ვარიანტი საკმაოდ ხშირად გვხვდება. ასევე, 4+2 - ანუ ოთხი წინა და ორი კი - უკანა სიჩქარე, რაც ყველაზე უფრო რთული ოპერაციების შესრულების საშუალებას იძლევა.
უკანა სიჩქარის არსებობა მოტობლოკს უფრო მანევრირებადს ხდის და ხელს უწყობს, შეზღუდულ სივრცეებშიც იმუშაოს.
მოტობლოკის შერჩევის დროს, როგორც წესი, შემდეგ ძირითად პარამეტრებს ითვალისწინებენ: მიწის ფართობი და სამუშაოების სახეობა.
ტექნიკის არასათანადო ექსპლუატაცია მოტორის სწრაფად ცვეთას იწვევს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გრუნტის ტიპსაც. ზედმეტად მყარი ნიადაგი, რომელიც მრავალი წელი დამუშავების გარეშე იყო მიტოვებული, მძიმე ტექნიკით უნდა დამუშავდეს, ვინაიდან დიდია ალბათობა, რომ მოტობლოკს ძალიან მალე დააზიანებს.
ყურადღება უნდა მიექცეს მოტორს, გადაბმულობას (ე.წ. სცეპლენია), სიჩქარეს, მართვას, წონას. გრუნტის დამუშავების ხარისხზე მოქმედებს ფრეზის ჩაღრმავება და კულტივაციის სიგანე. ასევე, დანადგარის შერჩევისას გასათვალისწინებელია არა მხოლოდ ნაკვეთის ფართობი, არამედ ხეებს შორის არსებული მანძილი.
საბოლოო ჯამში, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ შესაძლებლობების გათვალისწინებით, აბსოლუტურად მისაღები ფასი აქვს. ამასთან ერთად, გამორჩეულია წარმადობით, შეუძლია უამრავი ფუნქციის შეთავსება, რაზეც ზემოთ, პრინციპში, საკმაოდ დეტალურად უკვე ვისაუბრეთ.
ზემსუბუქი და მსუბუქი მოტობლოკები 4,5 ცხენის ძალის სიმძლავრით შედარებით მცირე ზომის ნაკვეთების დამუშავებისთვის იქმნება. ასეთი მოდელი გაცილებით მანევრირებადია, გამოირჩევა კომპაქტური და კომფორტული მართვით.
საშუალო მასის მქონე მოტობლოკი, რომელსაც დაახლოებით 7 ცხენის ძალის სიმძლავრე აქვს მიღებული, დამატებითი აღჭურვილობის მრავალფეროვან სახეობას ირგებს. გამოიყენება განსხვავებული ნიადაგების დასამუშავებლად და უამრავ სამუშაო ოპერაციას ასრულებს.
მძიმე მოტობლოკი პროფესიონალური დონის ტექნიკაა, ამასთან ერთად, სიმძლავრითაც გამორჩეული - 16 ცხენის ძალამდე. ფლობს დიდ მოტორესურსს და ურთულეს დავალებებსაც წარმატებით უმკლავდება, მათ შორის, შეუძლია დაახლოებით 45 ჰექტარი ტერიტორიის დამუშავება. ასევე, შეუძლია ტვირთის გადატანა და ხშირად გამოიყენება როგორც გადაადგილების საშუალება.