| რატომ ხურდება დრელი მუშაობისას და როგორ ავიცილოთ ეს თავიდან? |
| რატომ ხურდება დრელი მუშაობისას და როგორ ავიცილოთ ეს თავიდან? |
ნებისმიერი ხელოსნისთვის, იქნება ის პროფესიონალი თუ უბრალოდ, მოყვარული, ნაცნობია მომენტი, როცა ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ ელექტრო დრელი ხელში ცხელდება, ხოლო ჰაერში სპეციფიკური სუნი დგება.
გადახურება მხოლოდ დისკომფორტი არ არის, ეს ხელსაწყოსთვის გაგზავნილი ერთგვარი განგაშის სიგნალია. ჰოდა, ნუ დაელოდებით, სანამ დრელი საბოლოოდ გაფუჭდება! გადახურება ხელსაწყოს მტერია, თუმცა მისი თავიდან არიდება იმაზე მარტივია, ვიდრე გგონიათ.
სხვა დანარჩენთან ერთად, ქვემოთ იმაზეც ვისაუბრებთ, რა იწვევს დრელის ტემპერატურის მატებას, როდის არის ეს ნორმალური და როგორ მოვიქცეთ, რომ ხელსაწყოს დროული დახმარება აღმოვუჩინოთ.
ხშირად გადახურების მიზეზი არა თვითონ დრელი, არამედ მისი აქსესუარია. როცა ბლაგვი ან კონკრეტული მასალისთვის შეუსაბამო „სვერლოთი“, ანუ ქართულად რომ ვთქვათ - ბურღით ვმუშაობთ, ინსტრუმენტი ზედაპირს ეფექტურად ვეღარ ჭრის. შედეგად, ხახუნის დასაძლევად ძრავას გაორმაგებული ენერგიის დახარჯვა უწევს.
ყოველთვის გამოიყენეთ მასალის შესაბამისი (ხის, მეტალის ან ბეტონის) და ბასრი ბურღი. თუ ბურღვა გიჭირთ, სანამ ზედმეტ ძალას გამოიყენებთ, პირის მდგომარეობა შეამოწმეთ.
დრელის კორპუსზე არსებული პატარა ჭრილები მხოლოდ დეკორაცია არ არის, ჩათვალეთ, ეს ხელსაწყოს ერთგვარი „ფილტვებია“. მუშაობისას წარმოქმნილი მტვერი და ნაპერწკლები ხშირად ახშობს ამ ხვრელებს, რაც ჰაერის ცირკულაციას აფერხებს. შიდა დეტალები ვეღარ გრილდება და ტემპერატურა კრიტიკულ ნიშნულს აღწევს.
ყოველი გამოყენების შემდეგ, სასურველია, დრელი მტვერსასრუტით ან კომპრესორით (შეკუმშული ჰაერით) გაწმინდოთ.
არსებობს მცდარი შეხედულება, რომ რაც უფრო მაგრად მივაწვებით დრელს, მასალას ის მით უფრო სწრაფად გახვრეტს. სინამდვილეში, ზედმეტი ზეწოლა ზრდის ხახუნს და მკვეთრად ამცირებს ძრავის ბრუნთა რიცხვს. ეს იწვევს ელექტრული ენერგიის სითბურ ენერგიად გარდაქმნას, რაც პირდაპირი გზაა ინსტრუმენტის გადაწვისკენ.
მიეცით ხელსაწყოს საშუალება, თავისი სიჩქარით იმუშაოს. თქვენი როლი მხოლოდ მისი სწორ პოზიციაში ჭერა და მსუბუქი მართვაა.
თუ დრელი მუშაობისას არა მხოლოდ ცხელდება, არამედ კორპუსიდან ზედმეტი ნაპერწკლები ან უცნაური ხმაც ისმის, შესაძლოა, ეს გრაფიტის ნახშირების (ჯაგრისების) ცვეთაზე მიუთითებდეს. გაცვეთილი ნახშირები ქმნის არასტაბილურ კონტაქტს, რაც იწვევს ელექტრულ რკალს და შესაბამისად, დეტალების გადახურებას.
თუ თქვენი დრელი ინტენსიურად მუშაობს, წელიწადში ერთხელ მაინც შეამოწმეთ ნახშირების მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში, აუცილებლად შეცვალეთ.
გადახურების მიზეზი ხშირად ის არის, რომ ადამიანს მოთმინება ღალატობს, არადა, ყველა დრელს არ აქვს უნარი, საათობით შეუსვენებლად იმუშაოს.
საყოფაცხოვრებო დრელები: თუ თქვენი ხელსაწყო სამოყვარულო კლასისაა, სასურველია, ყოველი 10-15 წუთიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ 5 წუთით მაინც გამორთოთ.
პროფესიონალური მოდელები: ისინი უფრო დიდ დატვირთვას უძლებენ, თუმცა მათთვისაც კრიტიკულია ე.წ. „ფუჭი სვლა“.
პროფესიონალური ხრიკი: თუ გრძნობთ, რომ დრელი გაცხელდა, ნუ გამორთავთ მას მაშინვე. ამუშავეთ ის მაქსიმალურ ბრუნებზე დატვირთვის გარეშე (ჰაერში) 30 წამით. შიდა ვენტილატორი ცივ ჰაერს სწრაფად შეუბერავს ძრავს და უფრო მალე გააგრილებს, ვიდრე უბრალოდ გათიშულ მდგომარეობაში ყოფნა.


