| რეისმუსი, იცოდეთ, სხვებში არ შეგეშალოთ |
| რეისმუსი, იცოდეთ, სხვებში არ შეგეშალოთ |
სხვებში, რა, პრინციპში, რეისმუსი, როგორც წესი, შალაშინში ერევათ ხოლმე, რაც არც თუ ისე პატარა შეცდომაა და შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგის მიზეზიც კი გახდეს. შესაბამისად, Holst.ge რეისმუსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით, რათა თავიდან აიცილოთ ნებისმიერი უსიამოვნება, თუნდაც, ყველაზე უმნიშვნელო.
პირველ რიგში, ალბათ, ის უნდა ვთქვათ, რომ რეისმუსი და შალაშინი მასალის დამუშავების განსხვავებულ ეტაპებზე უნდა ჩართოთ. ამდენად, მხოლოდ ერთის შერჩევა არ შეიძლება.
ზუსტად რა შესაძლებლობები აქვს რეისმუსს, როგორი შეიძლება იყოს ეს ინსტრუმენტი, კომფორტულად მოკალათდით, ყველაფერში ახლავე გაგარკვევთ.
ხის ნებისმიერი ნაკეთობა, იქნება ეს ავეჯი, ფანჯარა, კარი, ღობე თუ იატაკი, ყველაფერს ბრტყელი და გლუვი ფიცარი სჭირდება.
და თუკი გახერხილი ფიცრები მეტ-ნაკლებად თანაბრად გამოიყურება, ყველა ხარვეზი გაშრობის პროცესში ჩნდება - ჩაღრმავება, ამობურცულობა, ხორკლიანობა.
ამდენად, ერთ-ერთი ყველაზე პირველი ეტაპი ნამზადის გაშალაშინებაა. ასევე, მისი გასწორება, საჭირო ზომამდე დაყვანა სისქესა და სიგანეში, რისთვისაც გამოიყენება კიდეც ეს ჩვენი ძალიან საჭირო რეისმუსი.
ჩვეულებრივ, რეისმუსი დეტალებზე მუშაობის დასრულების ფუნქციას ასრულებს და მასალა, პრაქტიკულად, სრულყოფილებამდე მიჰყავს.
რა თქმა უნდა, სიყვარულს არ ვგულისხმობთ, თუმცა, რადგან სიტყვა ჩამოვარდა, ვაღიაროთ, რომ სიყვარული ორმხრივი ბევრად უმჯობესია. უფრო მეტიც, ალტერნატივა არ გააჩნია. რაც შეეხება რეისმუსს, აი, მის შემთხვევაში კი ცალმხრივიც ჩინებულია და ორმხრივიც.
პირველი ტიპი შედარებით ხელმისაწვდომია ღირებულების თვალსაზრისით. დანებიანი ლილვი ზედაპირზეა განლაგებული და ნამზადის დამუშავება მხოლოდ ერთი მხრიდან ხდება. ორმხრივი მოდელი კი პროფესიონალური აღჭურვილობის კატეგორიას განეკუთვნება. მასში დამონტაჟებულია ორი ბარაბანი დანებით, რაც საშუალებას იძლევა, ნამზადის ერთდროულად ორივე მხარე დამუშავდეს.
იქიდან გამომდინარე, რისთვის სჭირდებათ რეისმუსი - სახლში დაგეგმილი რემონტისთვის თუ პროფესიონალური ავეჯისა თუ სადურგლო ნაკეთობების დასამზადებლად, ორი სახეობიდან ერთს ირჩევენ:
შედარებით იაფფასიანი. განკუთვნილია სტანდარტული სისქის დამუშავებისთვის. ძრავა ერთფაზიანია, 3 კვტ სიმძლავრემდე. არ არის გათვლილი ხანგრძლივი დატვირთვებისთვის. მაგიდა არ არის გათვლილი გრძელი მასალის განთავსებისთვის. დამუშავების საშუალო სიგანე 300 მმ-ია, ხოლო ნათალის მოხსნის სიღრმე 1,5-2 მმ.
პროფესიონალური მოდელი გარეგნულად საყოფაცხოვრებოსგან ნაკლებად განსხვავდება. თუმცა, ძირითადი მახასიათებლების მიხედვით, სხვაობა, რა თქმა უნდა, არსებობს. საგორავი, რომელიც ნამზადს ამოძრავებს, ან მაღალი ხარისხის რეზინისგან მზადდება ან - კაუჩუკისგან, რაც მასალის მარტივად გადაადგილებას უზრუნველყოფს და ზედ კვალს არ ტოვებს. ნათალის მოხსნის სიღრმე 1-დან 3,5 მმ-მდე მერყეობს. ასევე, პროფესიონალური დანადგარი მაღალი სიზუსტით გამოირჩევა. აქვს სიმაღლის ზუსტი დაგეგმვის მასშტაბი, რომელიც ხშირად აღჭურვილია ციფრული დისპლეით. ძვირფასი დეტალების წყალობით კი ხის დამუშავების ხარისხი უპირობოდ შთამბეჭდავია.
რეისმუსით მუშაობის პრინციპი დაფის თანაბრად დამუშავებაა. მისი ძირითადი ელემენტია - ლილვი დანებით, რომელიც მუშაობის დროს დამუშავებისთვის განსაზღვრულ დეტალებს უსწორმასწორო ფენებს აშორებს. თანამედროვე რეისმუსების უმეტესობის შემთხვევაში, გამოყენებულია დეტალების გაწევის სისტემა ფიქსირებული სიჩქარით, რაც საშუალებას იძლევა, მასალას ფენები მაქსიმალურად თანაბრად მოსცილდეს.
აღჭურვილობის მთავარი შემადგენელი ნაწილებია:
მუშაობის დროს მოტორს მოქმედებაში მოჰყავს დანებიანი ლილვი. სანამ ლილვები დაფას ამოძრავებენ, დანები ხის ზედაპირს ასუფთავებენ. ნახერხი სპეციალური მილით ცალკევდება, რომელზეც მტვერსასრუტის მიერთებაც არის შესაძლებელი.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, გავრცელებულია რეისმუსის რამდენიმე ვარიანტი: ცალმხრივი და ორმხრივი. ამ უკანასკნელს დანების დამატებითი პირი აქვს, რომელიც საშუალებას იძლევა, ხე ერთდროულად ორი მხრიდან დამუშავდეს. ორივე რეისმუსის კონსტრუქცია ერთმანეთს ჰგავს. ნაკლებად გავრცელებულია სამმხრივი და ოთხმხრივი რეისმუსები.
- სასურველია სპეციალური სამაგრების გამოყენება რეისმუსის სრული უძრაობის უზრუნველყოფისთვის;
- მუშაობა იწყება მხოლოდ მაშინ, რაც დანებით აღჭურვილი დოლურა საჭირო სიჩქარეს აკრეფს. ამის შემდეგ უკვე შეიძლება ზედაპირზე დასამუშავებელი მასალის მოთავსება;
- მძიმე და გრძელი ობიექტების დამუშავების პროცესში საჭიროა კიდეების ორივე მხარეს ნაკეთობის წამოწევა, რათა თავიდან აიცილოთ დაზიანება;
- ოპტიმალურია, ერთი ციკლისას ხის მასალას 0,8 მმ მოშორდეს. ასეთი სიღრმე დეფექტების გაჩენის რისკს მინიმუმამდე ამცირებს;
- იმისთვის, რომ არ გაჩნდეს ფოსოები, არ დაზიანდეს ბოჭკოები, აუცილებელია ყველა რეკომენდაციის დაცვა, რაც სიჩქარესა და ჭრის სისქეს შეეხება. ყველა რეკომენდაცია ინსტრუქციაშია მითითებული, რასაც ყურადღებით უნდა გაეცნოთ;
- მუშაობის დასრულების შემდეგ აუცილებელია ქსელიდან გათიშვა და ამის შემდეგ ზედაპირის საგულდაგულოდ გაწმენდა. ამასთან, ნახერხისა და მტვრისგან გაწმენდა სჭირდება როგორც მაგიდის ზედაპირს, ისე დანებს, ჯაჭვს;
- თუკი მაგიდის ზედაპირზე ფისის ნარჩენები შენიშნეთ, რეკომენდებულია მისი გამხსნელით მოშორება;
- გახსოვდეთ, რომ აპარატის სათანადოდ გამოყენება და მოვლა მისი ექსპლუატაციის ვადას გაახანგრძლივებს.
