| რემონტი რომ უზადო გამოვიდეს, ელექტრო დრელი ჰაერივით აუცილებელია |
| რემონტი რომ უზადო გამოვიდეს, ელექტრო დრელი ჰაერივით აუცილებელია |
რემონტი - ეს არის ქმედება, რომელსაც ახორციელებს ადამიანთა ჯგუფი წინასწარ განზრახვით, იმყოფებიან რა საღ გონებაზე... და რამდენი რამე სჭირდება ამ „შეთქმულებას“, ერთხელ მაინც თუ გქონიათ შეხება, აუცილებლად გემახსოვრებათ. ჰოდა, სხვა დანარჩენთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ინსტრუმენტი ელექტრო დრელი რომ გახლავთ, ეს ამბავიც აუცილებლად გეცოდინებათ. თუ არა დრელი, მაშ, როგორ უნდა გახვრიტოთ ხის მასალა, აგური თუ ბეტონი? არა, ადამიანი თუ მოინდომებს, ყველაფერს გაუმკლავდება და შეძლებს, მაგრამ რემონტი რომ უზადო გამოვიდეს, ელექტრო დრელი ჰაერივით აუცილებელია.
რემონტზე რადგან შევთანხმდით, ისიც ვთქვათ, რომ ელექტრო ბურღი სხვა შემთხვევებშიც უაღრესად საჭირო ინსტრუმენტია. მაგალითად, იქნებ ახალი ნახატი შეიძინეთ და კედელია გასახვრეტი? ან ვთქვათ, ის ტელევიზორი იყიდეთ, დიდი ხანი რომ ოცნებობდით და ხომ უნდა მიუჩინოთ შესაფერისი ადგილი - ბეტონის ხვრეტას სახრახნისით ხომ არ დაიწყებთ?
ახლა მთავარი კითხვაც დავსვათ - რომელი დრელი ჯობია სახლისთვის - დარტყმის ფუნქციის მქონე, აკუმულატორზე მომუშავე, პროფესიონალური თუ საყოფაცხოვრებო? კიდევ რისი გაკეთება შეიძლება ამ ინსტრუმენტის დახმარებით? მივყვეთ ყველაფერს და საჭირო პასუხებს დიდი სიამოვნებით მოგახსენებთ.
- ნახატი უნდა დაკიდოთ თუ ინტერიერის სხვა რომელიმე საგანი?
- ოთახის კარია დასარეგულირებელი, თუ სამზარეულოს კარადის კარი მოირყა?
- შურუპით გსურთ რამე დაამაგროთ?
- კედელში გამჭოლი ნახვრეტის დატანაა საჭირო?
პირველ რიგში, ის ვნახოთ, რა ტიპის დრელები გვხვდება ბაზარზე.
კონსტრუქციული თავისებურებებიდან და დანიშნულებიდან გამომდინარე, შემდეგი ტიპების გამოყოფა შეიძლება:
სტანდარტული - განკუთვნილია შედარებით რბილ მასალებთან მუშაობისთვის, იქნება ეს ხე, პლასტმასა, თაბაშირ მუყაო, თხელი ლითონები და ასე შემდეგ. გამოსადეგია არც ისე დიდი მასშტაბის სარემონტო სამუშაოებისთვის.
დარტყმითი - მისი დახმარებით შეგიძლიათ გაბურღოთ აგური, ბეტონის კედლები. თუ საჭიროა, მაგალითად, ჭაღის დაკიდება თუ კარადის დამაგრება, იატაკსა და ჭერზე ნახვრეტის გაკეთება, კარების დაყენება, ასეთ შემთხვევაში, არჩევანი ამ ტიპის დრელზე უნდა შეაჩეროთ. როცა ჩართულია დარტყმის რეჟიმი, ვაზნა ორმხრივ მოძრაობებს აკეთებს, რაც საშუალებას იძლევა, წინაღობა გაცილებით სწრაფად და იოლად იქნეს დაძლეული.
კუთხის - აღჭურვილია ვაზნით, რომელიც სახელურთან სწორი კუთხით მდებარეობს, რაც ძნელად მისადგომ ადგილებში გამოყენებას ამარტივებს. ასეთი მოდელი დაგეხმარებათ იმ შემთხვევებში, როცა საჭიროა ბურღვა ვიწრო ღიობში, ადგილებში, რომლებთან მიდგომას რაიმე საგანი აფერხებს.
დრელი მიქსერი - პირველ რიგში, განკუთვნილია დუღაბისა თუ ლაქ-საღებავების, ან მსგავსი ნაზავების შერევისთვის. ზოგიერთი მოდელი გამოსადეგია დიდი დიამეტრის ნახვრეტებისა და ზედაპირების დასუფთავებისთვის.
როგორც წესი, საყოფაცხოვრებო პირობებისთვის ყველაფერი უფრო გამოსადეგი და უნივერსალური დარტყმითი დრელია, თუმცა, ჩამოთვლილი შესაძლებლობების გათვალისწინებით, გადაწყვეტილების მიღებას თავადაც შეძლებთ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა, რომელსაც, რასაკვირველია, უპასუხოდ არ დავტოვებთ.
ყველა ელექტრო დრელი იყოფა საყოფაცხოვრებოდ და პროფესიონალურად. მთავარი სხვაობა მათ შორის ის არის, რომ პროფესიონალური გაცილებით სერიოზული დატვირთვებისა და ინტენსიური გამოყენებისთვის არის განკუთვნილი.
საყოფაცხოვრებო დრელების კონსტრუქცია, ჩვეულებრივ, უფრო მარტივია და პროფესიონალურთან შედარებით, გაცილებით ხელმისაწვდომი ღირებულებაც აქვს.
აქედან დასკვნა - თუკი დრელი აქტიური მოხმარებისთვის არ გჭირდებათ, ბუნებრივია, უმჯობესია, არჩევანი საყოფაცხოვრებო მოდელზე შეაჩეროთ.
ბევრი ადამიანი დარწმუნებულია, რომ ზუსტად იცის, როგორ გამოიყენოს დრელი და პრინციპში, თავდაჯერებულობა ცუდი არ არის, თუმცა, გარკვეულ წესებს Holst.ge მაინც შეგახსენებთ:
დარტყმითი ბურღით მუშაობისას მთავარია სწორი რეჟიმის შერჩევა. ამ ტიპის ინსტრუმენტს მუშაობის ორი რეჟიმი აქვს: ჩვეულებრივი ბურღვა და ბურღვა დარტყმით. ეს უკანასკნელი გამოიყენება აგურთან ან ბეტონთან მუშაობისას, სხვა დანარჩენ შემთხვევებში, ჩვეულებრივი რეჟიმი უნდა გამოიყენებოდეს.


