| როგორ უნდა შეარჩიოთ კარგი დრელი სახლისთვის და დრელი - საქმიანობისთვის |
| როგორ უნდა შეარჩიოთ კარგი დრელი სახლისთვის და დრელი - საქმიანობისთვის |
დრელი, უფრო სწორად, ბურღი - ეს არის ხელის ელექტრო ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ხის, ლითონის, პლასტმასის, ბეტონის გასახვრეტად. შედგება ელექტრო ძრავისგან, რედუქტორისგან, ბურღის პირების დასამაგრებელი სამაგრისა და სახელურისგან, - ასე შეიძლება დავახასიათოთ ძალიან მოკლედ და მშრალად ხელსაწყო, რომელზეც გაცილებით ბევრის საუბარი შეიძლება და ქვემოთ სწორედ ამას ვაპირებთ - ბევრ საუბარს ელექტრო ბურღის შესახებ, რომელიც ნებისმიერ ოჯახს უნდა ჰქონდეს, რომ აღარაფერი ვთქვათ ხელოსნებზე.
დავიწყოთ იმით, რომ ელექტრო დრელი არსებობს საყოფაცხოვრებო და პროფესიონალური მიზნებისთვის. ჰოდა, მივყვეთ და გავიგოთ, როგორ უნდა შევარჩიოთ კარგი დრელი პირველი ან მეორე მიზნისთვის.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, არსებობს ორი ტიპის ელექტრო ბურღი: საყოფაცხოვრებო და პროფესიონალური. ამასთან ერთად, ზოგჯერ გამოიყოფა გარდამავალი ტიპიც - ნახევრად პროფესიონალური.
ყველა საყოფაცხოვრებო, პროფესიონალურ და ნახევრად პროფესიონალურ დრელს მუშაობის ერთი და იგივე პრინციპი აქვს, თუმცა განსხვავებულია მათი სიმძლავრე, წონა, ფასი, ფუნქციები და ზოგიერთი დამატებითი თავისებურება.
საყოფაცხოვრებო ელექტრო დრელი განკუთვნილია პრაქტიკულად, ყველა მარტივი საშინაო სარემონტო სამუშაოსთვის. მისი უპირატესობებია, გარდა შედარებით დაბალი ფასისა:
მეორე მხრივ, საყოფაცხოვრებო ინსტრუმენტის გამოყენება დღეში 4 საათზე მეტხანს რეკომენდებული არ არის. გადაბმულად მუშაობის ოპტიმალური დრო 15-20 წუთია, რის შემდეგაც, ხელსაწყო უნდა დაასვენოთ დაახლოებით ამდენივე ხანს.
თუკი სიტუაცია და საქმე მოითხოვს, რომ დრელით დღეში 5 საათზე ხანგრძლივად უნდა იმუშაოთ, უმჯობესია, არჩევანი პროფესიონალურ ინსტრუმენტზე შეაჩეროთ, რომელიც გამორჩეულია მძლავრი მოტორით, რაც იმას ნიშნავს, რომ გაცილებით მარტივად უმკლავდება სოლიდურ დატვირთვებს. პროფესიონალური ელექტრო დრელი გადაბმულად 1 საათზე მეტს მუშაობს, დღეში კი, ჯამში, 7-8 საათიან მუშაობას უძლებს, საკმარისია მცირე შესვენებებიც. ასეთი ინსტრუმენტი საყოფაცხოვრებოზე ძვირიც ღირს, ნაკლებად უნივერსალურია, არის შედარებით მძიმე, მაგრამ უკეთ არის დაცული მტვრისგან, ნესტისგან და პროფესიონალი მის გარეშე საქმეს, უბრალოდ, ვერ გააკეთებს.
ნახევრად პროფესიონალური დრელი - მოწყობილობის საკმაოდ შეზღუდული კლასია. გარდამავალი მოდელები შეიძლება აღჭურვილი იყოს პროფესიონალურის ზოგიერთი თვისებით, ან პროფესიონალური, მაგრამ არანაირი დამატებითი ელემენტით.
რომელი დრელი უნდა აირჩიოთ, დამოკიდებულია იმაზე, რა სახის სამუშაოები გაქვთ შესასრულებელი და რამდენად ხშირად მოგიწევთ ხელსაწყოს გამოყენება. თუკი ის დაგჭირდებათ იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში, მაგალითად, კედელზე თარო მიამატოთ ან ნახატი დაკიდოთ, თამამად შეგიძლიათ, საყოფაცხოვრებო ელექტრო დრელი შეიძინოთ. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი შემოსავლის ძირითადი ან დამატებითი წყარო რემონტია, მაშინ პროფესიონალური დრელის შეძენა ურიგო ნამდვილად არ იქნება.


