| სეკატორი - მარტივი, მაგრამ შეუცვლელი ინსტრუმენტი ნებისმიერი ფერმერისთვის |
| სეკატორი - მარტივი, მაგრამ შეუცვლელი ინსტრუმენტი ნებისმიერი ფერმერისთვის |
ბაღის მოვლა იქნება, ბოსტნის, ვენახის, ხის, ყვავილის, ბუჩქის თუ რაც გნებავთ, წარმოუდგენელია ისეთი მარტივი, მაგრამ შეუცვლელი ინსტრუმენტის გარეშე, როგორიც სეკატორი გახლავთ. რაც ნებისმიერი ქართველისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი, ვაზის გასხვლისთვისაც ხომ სწორედ სეკატორია საჭირო.
სწორად შერჩეული და მოვლილი სეკატორი არა მხოლოდ ყოველდღიურ სამუშაოს ამარტივებს, არამედ მცენარეების მოვლის ხარისხსაც საგრძნობლად ზრდის.
მოკლედ, ამჯერად ისეთი შეუცვლელი ინსტრუმენტი უნდა განვიხილოთ, როგორიც სეკატორი, იგივე ვაზის მაკრატელი გახლავთ.
თავადაც გეცოდინებათ, სეკატორი საკმაოდ მარტივად მუშაობს: სახელურებზე ზეწოლის შედეგად, მჭრელი პირები ერთმანეთისკენ მიემართებიან და იჭრება ის, რაც ამ პირებს შორის მოხვდება.
ერთ-ერთი მთავარი პირობაა, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ სეკატორის მჭრელ ნაწილს. პირველ რიგში, მის ზომას, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული, რა სისქის ტოტთან გამკლავება მოხერხდება. მაგალითად, თუ აპირებთ ყვავილების ან ახალგაზრდა ხეების ტოტების გადაჭრას, ბუჩქების შესწორებას, დაგჭირდებათ ინსტრუმენტი, რომლის ჭრის დიამეტრი 12-დან 18 მილიმეტრამდეა. როცა საჭიროა უფრო სქელ ტოტებთან მუშაობა, არჩევანი უნდა შეჩერდეს სეკატორზე, რომელიც 20-30 მილიმეტრს უმკლავდება.
აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ თუკი, გამოიყენებთ სეკატორს, რომლის ჭრის დიამეტრი 15 მმ გახლავთ, მაგალითად, 30 მილიმეტრიანი ტოტების დასამუშავებლად, ერთი, რომ დიდი რისკია, ინსტრუმენტი გატყდეს და უფრო მეტიც - მცენარე დაზიანდეს.
ზემოთაც აღვნიშნეთ და კიდევ გავიმეორებთ - სწორად შერჩეული სეკატორი ძალიან დიდ გავლენას ახდენს შრომის ხარისხზე.
ასევე ყურადღება უნდა მიექცეს მასალას, რომლითაც მჭრელი პირებია დამზადებული. ყველაზე მარტივი სეკატორისთვის ინსტრუმენტული ფოლადი გამოიყენება, რომელიც საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ ახალგაზრდა ხის ტოტებს გაუმკლავდეს. გაცილებით უფრო საიმედოა მჭრელი პირები, რომლებსაც მაღალი ნახშირბადოვანი ფოლადისგან ამზადებენ და შესაბამისად, გაცილებით გამძლეა და ჭრის გაუმჯობესებული შესაძლებლობებით ხასიათდება. როგორც წესი, ეს მასალა პროფესიონალური და ნახევრად პროფესიონალური კლასის დამზადებისას გამოიყენება. ასეთ შემთხვევაში, მჭრელი პირი ლაზერით მუშავდება, რაც მას ხარისხს ბევრი წელი უნარჩუნებს.
მუშაობის დასრულების შემდეგ, ხელსაწყო საგულდაგულო მოვლას საჭიროებს. ეს რამდენიმე ტრივიალურ პროცედურას მოიცავს:
ზემოაღნიშნული პროცედურების ჩატარების შემდეგ, რეკომენდებულია ხელსაწყოს სახელურებზე რამდენჯერმე იმგვარად დაჭერა, რომ ზეთი ყველა მექანიზმში სათანადოდ გადანაწილდეს.
- მუშაობის დაწყებამდე დარწმუნდით, რომ ინსტრუმენტი ხელში კომფორტულად გიკავიათ;
- უმჯობესია, მუშაობის დროს ხელთათმანები გამოიყენოთ;
- ნუ შეეცდებით მაქსიმალური დიამეტრის მქონე ტოტების ერთბაშად გადაჭრას. უმჯობესია, ასეთ შემთხვევაში, რამდენიმე მცირე ზომის ჭრა გააკეთოთ და სასურველ შედეგამდე ნელ-ნელა მიხვიდეთ;
- სეკატორი ტოტის მიმართულების მკაცრად პერპენდიკულარულად უნდა გეჭიროთ;
- სეკატორი ჩაკეტილ მდგომარეობაში უნდა ინახებოდეს;
- არ სცადოთ სეკატორით ლითონის გადაჭრა. ჩათვალეთ, ამით ინსტრუმენტს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებთ;
- ზამბარას მოაშორეთ ხოლმე ზედმეტი ნარჩენები - ფოთლები, ხის ნაწილები.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ სეკატორი ფერმერებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და უნივერსალური ხელსაწყოა. ის არა მხოლოდ მცენარეთა მოვლის ყოველდღიურ პროცესს ამარტივებს, არამედ პირდაპირ გავლენას ახდენს ბაღის ესთეტიკასა და პროდუქტიულობაზე. სწორად შერჩეული სეკატორი - იქნება ეს ვაზისთვის, დეკორატიული მცენარეების ფორმირებისთვის თუ ხეხილის გასხვლისთვის – საშუალებას გვაძლევს, მცენარეებს ჯანმრთელი ზრდისთვის საჭირო პირობები შევუქმნათ.
ამასთან, სეკატორის რეგულარული მოვლა და სწორად გამოყენება არა მხოლოდ ხელსაწყოს სიცოცხლისუნარიანობას ახანგრძლივებს, არამედ ჩვენი შრომის შედეგსაც საგრძნობლად აუმჯობესებს. ბაღის მოვლაში სიზუსტე და სისუფთავე ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც დროისა და ენერგიის დაზოგვა - სწორედ ამას უზრუნველყოფს სეკატორი.


