უნდა ვათხოვოთ თუ არა მეზობელს შალაშინი? |
უნდა ვათხოვოთ თუ არა მეზობელს შალაშინი? |
ერთი ძველი ანდაზა უნდა შეგახსენოთ: „მეზობელმა რომ მარილი გთხოვოს, თუ მარილი არა გქონდეს, მარილიანი სიტყვა მაინც უთხარიო“...
ამ ანდაზის მორალიდან გამომდინარე, მეზობელს უარი არაფერზე უნდა ვუთხრათ. ნუ, თუ კანონ-მორალის ფარგლებში ჯდება ეს თხოვნა, რაღა თქმა უნდა, მაგრამ სალაშინი თუ დასჭირდა, მერე რას ვშვრებით, უნდა ვათხოვოთ? ალბათ, მეზობელს გააჩნია, რა და პრინციპში, თუ იცის მოხმარება და მოვლა, რა პრობლემაა, მაგრამ სხვა შემთხვევაში, თუკი, მაგალითად, დამწყებია ხის დამუშავების საქმეში, თქვენი ნებისმიერი გადაწყვეტილება აბსოლუტურად გამართლებული იქნება. ბოლოს და ბოლოს, ეს ხელსაწყო იმდენად საჭიროა ხელოსნების დიდი ნაწილისთვის, აგერ არის Holst.ge და განვადებით შეძენას მარტივად მოახერხებს.
კარგით, დამწყები ჩხირკედელა მეზობელი იქით იყოს, ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველა საქმეში, ჩვენ კი ელექტრო შალაშინი განვიხილოთ და უკეთ გავიგოთ მისი ავანჩავანი.
პირველ რიგში, ელექტრო შალაშინი ხის მასალის დამუშავებისთვის არის საჭირო, რა თქმა უნდა, გეცოდინებათ, მაგრამ გამეორება ცოდნის დედა არისო და... ჰო, ეს ამბავი თუ იცოდით, აბა, ესეც გაგებული გაქვთ? რა და ის, რომ დამატებითი აღჭურვილობის ქონის შემთხვევაში, ინსტრუმენტი კიდევ უფრო მრავალფეროვანი დავალების შესრულებასაც შეძლებს.
ელექტრო შალაშინის მთავარი უპირატესობა ჩვეულებრივ შალაშინთან შედარებით ის არის, რომ ადამიანს მუშაობის პროცესში დამატებითი ძალის დახარჯვა არ უწევს.
ელექტრო შალაშინი გამოიყენება როგორც მსხვილ საწარმოებში, ისე კერძო მეურნეობაში. აქვე ისიც დავამატოთ, რომ გავრცელებული მოსაზრებით, ხშირად ინსტრუმენტი რიგითი ობივატელის არსენალში არ მოიძიება, რაც შესაძლოა, ჭკუასთან ახლოს იყოს, თუმცა ვინც მისი შესაძლებლობები იცის, ამას არასოდეს დაუშვებს. ხის მასალა ჩვენთან უყვართ, აფასებენ და ბევრსაც მუშაობენ. ამდენად, სადურგლო საქმეში შალაშინის გარეშე რაიმე შედეგის დადება, ფაქტობრივად, შეუძლებელიც კია.
მოგეხსენებათ, თავდაპირველად, მხოლოდ ხელის შალაშინი არსებობდა, თუმცა ტექნიკური პროგრესი ამ ინსტრუმენტსაც შეეხო და მრავალფეროვანი ფუნქციებითაც აღჭურვა. ამასთან, დროთა განმავლობაში ძირითადი კონსტრუქცია დიდად არ შეცვლილა და მუშაობის პრინციპიც ხელის ანალოგის იდენტური დარჩა - ინსტრუმენტი დასამუშავებელი მასალის ზედაპირზე მოძრაობს და მას მითითებული სისქის საფარს აცილებს.
როგორც წესი, ნებისმიერი ელექტრო ინსტრუმენტის შერჩევისას, მომხმარებელთა უმრავლესობა კონკრეტულ კითხვას სვამს - საიდან უნდა დაიწყოს ეს პროცესი? ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუკი გეტყვით, რომ აქაც, როგორც სხვა ინსტრუმენტების შემთხვევაში, ყველაფერი ტრადიციულად არის - არსებობს საყოფაცხოვრებო და პროფესიონალური კლასი სხვადასხვა შესაძლებლობებითა და მაჩვენებლებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი კი მაინც სიმძლავრე გახლავთ. მთავარი ის არის, დანამდვილებით თუ არა, თუნდაც დაახლოებით იცოდეთ, ზუსტად რისთვის გჭირდებათ ხელსაწყო და რამდენად ხშირად აპირებთ მის გამოყენებას.
შალაშინის ძირითადი მახასიათებლებია ელექტრომოტორის სიმძლავრე, დამუშავების სიღრმე, ბარაბნის ბრუნვის სიჩქარე და ასევე, ინსტრუმენტის სიგანე.
აი, სწორედ ეს ოთხი პარამეტრია, რომლებზე ორიენტირებაც მომხმარებელს მართებს.
შალაშინის სხვა ყველა მახასიათებლები დამოკიდებული იქნება მოტორზე, რომელსაც ინსტრუმენტი მოქმედებაში მოჰყავს.
გასათვალისწინებელია, რომ ხის მასალა არაერთგვაროვანი სტრუქტურისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ხარისხიანად დამუშავებისთვის სიმძლავრე საკვანძო როლს ასრულებს.