| ბარომეტრი - უაღრესად საჭირო ინსტრუმენტი ნებისმიერი ავტომობილისტისთვის |
| ბარომეტრი - უაღრესად საჭირო ინსტრუმენტი ნებისმიერი ავტომობილისტისთვის |
ახალი კანონი რომ შემოიღეს, კი გაიგებდით - ზამთარში ავტომობილებზე აუცილებლად ზამთრის საბურავები უნდა ეყენოს და პლუს, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაც უნდა იყოს აღჭურვილი.
საუბარია მაღალმთიან რეგიონებსა და ისეთ ადგილებზე, სადაც უხვი თოვლი იცის ხოლმე, თორემ, სამწუხაროდ, თბილისში სადღა თოვს ისე, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი დაგვჭირდეს. ერთი კია, ზამთარში დედაქალაქის მასშტაბით მოძრაობისას, მაინც ზამთრის საბურავები ჯობია. რაც მთავარია, საბურავები ყველანაირად გამართული უნდა იყოს, თანაც, მხოლოდ ზამთარში კი არა, ნებისმიერ სეზონზე, ნებისმიერ თვეში თუ დღისა და ღამის მონაკვეთში.
რამდენად მწყობრშია ჩვენი „რკინის რაშების“ საბურავები, საკმაოდ მარტივად შეგვიძლია, ერთი ძალიან საჭირო ხელსაწყოს დახმარებით გავიგოთ, რომელსაც ბარომეტრი ჰქვია.
ბაზარზე ბარომეტრის საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი გვხვდება. მაგალითად, არსებობს დაბალი და მაღალი წნევის. ჩვეულებრივ, ხელსაწყო მოთავსებულია მცირე ზომის კორპუსში, რათა მისი მოხმარება კომფორტული იყოს.
უმცირეს დეტალებში ჩასვლას, ახლა ის ვთქვათ, რომ ხელსაწყო მეტად საჭირო და მნიშვნელოვანია ნებისმიერი ავტომოყვარულისთვის, ან გნებავთ, მოყვარული სულაც არ იყოს, მაგრამ საჭესთან უწევდეს ჯდომა.
ავტომობილებში, რომლებსაც საბურავში წნევის კონტროლის სისტემა არ აქვთ, პროფილაქტიკისთვის მიზანშეწონილია კვირაში ერთხელ მაინც, ან შორეული მგზავრობის წინ, საბურავებში არსებული წნევა შემოწმდეს. იმისთვის, რომ ნორმიდან მნიშვნელოვანი გადახრა აღმოვაჩინოთ, სულაც არ არის სავალდებულო, პროფესიონალური ხელსაწყო შევიძინოთ, მარტივიც კი თავის საქმეს სათანადოდ შეასრულებს.
საბურავებში წნევის გასაზომი ხელსაწყოს შერჩევისას, გირჩევთ, ყურადღება მიაქციოთ საშუალო საფასო კატეგორიის ხარისხიან მოდელს. იაფფასიანი მოდელის შეძენა არც ისე გონივრულია, რადგან დაბალი სიზუსტე სასურველ შედეგს ვერ მოგცემთ. ამასთან, არც ძვირადღირებულის შეძენა იქნება რაციონალური.
ჰაერის წნევის საზომი უნდა შეირჩეს ისე, რომ საჭირო სამუშაო წნევა ხვდებოდეს ხელსაწყოს მიერ მაქსიმალურად გასაზომი ნიშნულის 1/3 და 2/3 დიაპაზონში. თუკი სამუშაო წნევა 1/3-ზე ნაკლებია, მოსალოდნელია დიდი ცდომილება, ხოლო თუკი 2/3-ს აჭარბებს, მოწყობილობა დიდი დატვირთვით იმუშავებს და შესაძლოა, მწყობრიდან გამოვიდეს;
თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია, რაც შეიძლება მოჰყვეს საბურავში წნევის შემოწმების უგულებელყოფას.
დავიწყოთ იმით, რომ მხოლოდ ბარომეტრის ქონა წარმატების გარანტიას სულაც არ იძლევა. მთავარი ის არის, ხელსაწყო სწორად გამოიყენოთ.
ზუსტი და სწორი შედეგების მისაღებად, შემდეგი რეკომენდაციებია გასათვალისწინებელი:
- სასურველია, საბურავების წნევა ყოველდღიურად, მანქანის დაძვრამდე შემოწმდეს. უკიდურეს შემთხვევაში, კვირაში ერთხელ მაინც და ალბათ, ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი პუნქტი, რომელსაც ბევრი შეეწინააღმდეგება - ყოველდღე შემოწმება რა საჭიროაო...
- მაქსიმალურად ზუსტი შედეგის მიღება მხოლოდ „ცივ“ საბურავებზე შეიძლება. სხვა შემთხვევაში, ცდომილება დაახლოებით 10-20 პროცენტია.
- თუკი წნევის შემოწმება მაინც გზაში მოგიხდათ და მაჩვენებელი ნორმაზე დაბალია, რეკომენდებულია, საბურავი საჭიროზე 10 პროცენტით მეტად დაბეროთ. დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდეგ წნევა ისევ უნდა შემოწმდეს, თუმცა მხოლოდ მაშინ, როცა საბურავები გაგრილდება.
- ზუსტი შედეგების მისაღებად, როგორც სპეციალისტები ამბობენ, საჭიროა, მანქანა მინიმუმ 3-4 საათი არ მოძრაობდეს.
- გაითვალისწინეთ, რომ სიცივეში ბარომეტრზე მაჩვენებლები დაახლოებით 15 პროცენტით იქნება დაკლებული.
- თუკი ავტომობილზე არასტანდარტული საბურავები გიყენიათ, აუცილებელია მწარმოებლის რეკომენდაციები გულდასმით შეისწავლოთ და რაც მთავარია, შეასრულოთ!
- სანამ საბურავის წნევას შეამოწმებთ, მანქანა ტვირთისგან აუცილებლად უნდა დაცალოთ, სხვა შემთხვევაში, მოწყობილობა არასწორ შედეგებს გაჩვენებთ.
- უგზოობის პირობებში მოძრაობისას, უმჯობესია, თუკი საბურავებს წნევას დააკლებთ. ასეთ შემთხვევაში გზასთან ურთიერთქმედებაც გაიზრდება და ტრანსპორტის გამავლობაც.


