ჩონჩხის ყვავილი |
ჩონჩხის ყვავილი |
"წვიმის ნამმა გააშიშვლა ყვავილი, რათა სველი ზურგი შეექცია წვეთისთვის, ახლახანს რომ გადაეკრა გამჭვირვალედ ფურცელს".
ჩონჩხის ყვავილის (Diphylleia grayi) გავრცელების ბუნებრივ არეალს წარმოადგენს ჩინეთისა და იაპონიის ტყის ეკოსისტემები. ის ასევე მოიხსენიება, როგორც ქოლგა მცენარე ან აზიური ქოლგისებრი ფოთოლი.
ერთი შეხედვით, თეთრი ყვავილები არაფრით გამოარჩევს მას სხვა მცენარეებისგან, თუმცა როგორც კი გაწვიმდება, გვირგვინის ფურცლები იწყებს გაუფერულებას და ხდება მინასავით გამჭვირვალე, თეთრი ვენები კი ფურცლის ფირფიტებზე ერთგვარად ძველების შთაბეჭდილებას ტოვებს, რის გამოც მცენარეს ჩონჩხის ყვავილს უწოდებენ. როგორც კი გამოიდარებს, ყვავილი თავის პირვანდელ, თეთრ შეფერილობას უბრუნდება.
ჩონჩხის ყვავილი ერთ-ერთ იშვიათ და ძნელად მოსაპოვებელ მცენარეს წარმოადგენს, თუმცა ამ გამორჩეული თვისებებიდან გამომდინარე, ბევრს სურს მისი სახლში ქონა, როგორც დეკორაიული მცენარის. ამიტომაც შემოგთავაზებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, თუ როგორ გავზარდოთ ჩონჩხის ყვავილი სახლის პირობებში.
ჩონჩხის ყვავილის გამრავლება შესაძლებელია, როგორც თესლით, ისე - სქელი რიზომებით, რაც ბევრად მიზანშეწონილია, ხოლო განვითარებისათვის საჭირო ოპტიმალური პირობები კი შემდეგნაირია:
განათება - ჩონჩხის ყვავილს აქვს მაღალი მგრძნობელობა მზის სხივების მიმართ, შესაბამისად, მისი გაზრდა შესაძლებელია მზისგან დაცულ ადგილას, მაგალითად, ხეების ჩრდილქვეშ, სადაც დაცული იქნება შუადღის მზის პირდაპირი სხივებისგან.
ნიადაგი - ჩონჩხის ყვავილისთვის ოპტიმალური კონდიციის ნიადაგი უნდა შეიცავდეს დიდი რაოდენობით ჰუმუსს და იყოს კარგად დრენირებული, გაფხვიერებული და ტენიანი. აღსანიშნია, რომ ჩინეთის ტყეების ის ნიადაგი, სადაც მცენარე იზრდება, დიდი რაოდენობით შეიცავს ჰუმუსსა და გოგირდის მარილებს. ამიტომაც სახლის პირობებში მცენარის გაზრდისათვის კარგი იქნება ნიადაგის კომპოსტირება, ასევე მულჩირება ტყის მცენარეების გამხმარი ფოთლებით შემოდგომაზე. ნიადაგის ph კი მოქცეული უნდა იყოს 4.5-7.0-ის შუალედში.
ტემპერატურა - ჩონჩხის ყვავილს ესაჭიროება გრილი და ტენიანი გარემო, შესაბამისად, მცენარე ვერ გაიზრდება იქ, სადაც ცხელა და გარემოსთვის დამახასიათებელია მშრალი ზაფხული. ზამთრის პერიოდში მცენარე უნდა დაიფაროს მულჩით, რათა დაცული იყოს ყინვისგან. ზამთრის პერიოდში ასევე რეკომენდებულია ქოთანში ჩარგული მცენარის სახლში შემოტანა.