| ელექტრო დრელი - ინსტრუმენტის უცნობი შესაძლებლობები |
| ელექტრო დრელი - ინსტრუმენტის უცნობი შესაძლებლობები |
ალბათ, თქვენს სათავსოში ან ავტოფარეხში სადღაც მიყუჟულში დევს ელექტრო დრელი, რომელიც წელიწადში მხოლოდ ერთხელ, სურათის ჩამოსაკიდად გჭირდებათ. ენა რომ ჰქონდეს, ალბათ, რამეს იტყოდა, მაგრამ რადგან არ აქვს, რა ექნებოდა სათქმელი, ურთულესი წარმოსადგენია. სამაგიეროდ, ჩვენ შეგვიძლია რამის თქმა და ეს „რამე“ ასე ჟღერს: იცით, რომ დრელი, რეალურად თქვენი სახლის „სუპერ გმირია“?
რატომ და იმიტომ, რომ ელექტრო დრელს იმაზე მეტი რამ შეუძლია, ვიდრე წარმოგიდგენიათ - დაწყებული ზედაპირების გაპრიალებიდან, დამთავრებული ყველაზე მოულოდნელი საყოფაცხოვრებო საქმეებით.
ჰოდა, ერთად გავიცნოთ ამ ინსტრუმენტის უცნობი შესაძლებლობები.
ბევრმა არ იცის, რომ დრელი საუკეთესო დამხმარეა ბლანტი ნივთიერებების ასარევად. ასე მაგალითად:
საღებავის არევა: სპეციალური საცმით დრელი წამებში ათქვეფს გასქელებულ საღებავს.
სამშენებლო ხსნარები: მცირე მოცულობის ცემენტის ან გაჯის მოსაზელად ის იდეალურია.
თუ ბაღი გაქვთ, დრელი ფიზიკურ შრომას აქაც საგრძნობლად შეგიმსუბუქებთ:
ორმოები ნერგებისთვის: არსებობს გრძელი, სპირალური საცმები, რომლითაც მიწაში იდეალურ ნახვრეტებს გააკეთებთ ყვავილების დასარგავად.
სარეველების მოცილება: სპეციალური პატარა გუთანი-საცმებით მიწის გაფხვიერებაც კი შესაძლებელია.
თუ ელექტრობასთან ან ხელსაქმესთან გაქვთ კავშირი, ორი ან მეტი მავთულის ერთმანეთზე იდეალურად დაგრეხა ხელით საკმაოდ რთულია. დრელის თავში მათი დამაგრებით და ჩართვით, იდეალურად დაგრეხილ კაბელს წამებში მიიღებთ.
სანამ დრელის ახალ შესაძლებლობებს გამოცდით, აუცილებელია, რამდენიმე ოქროს წესი დაიცვათ. გახსოვდეთ, რომ ეს მძლავრი ხელსაწყოა და მასთან დაუდევრობა ძვირად ფასობს.
გამოიყენეთ დამცავი აღჭურვილობა და ეს არ არის მხოლოდ რეკომენდაცია, ეს აუცილებლობაა:
დამცავი სათვალე: განსაკუთრებით პოლირებისას ან ჟანგის მოცილებისას, საიდანაც ნაწილაკები დიდი სიჩქარით გამოიტყორცნება.
ხელთათმანები: ოღონდ ფრთხილად! ხელთათმანი მჭიდროდ უნდა გქონდეთ ხელზე, რომ დრელის მბრუნავმა თავმა არ ჩაითრიოს.
სამუშაო გარემოს მომზადებაც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტია.
თმები და ტანსაცმელი: თუ გრძელი თმა გაქვთ, აუცილებლად შეიკარით. ასევე, მოერიდეთ ფართო სახელოებსა და ჩამოკიდებულ თასმებს. მბრუნავი ინსტრუმენტი მათ წამებში იხვევს.
სადენი: თუ სადენიანი დრელი გაქვთ, ყოველთვის აკონტროლეთ, რომ კაბელი მბრუნავი თავისგან შორს იყოს.
აბა, წარმატებულ და ნაყოფიერ შრომას გისურვებთ!..


