| იდეალური ფენები ზოლების გარეშე, ანუ როგორ აქცევს პულივიზატორი რემონტს ხელოვნებად |
| იდეალური ფენები ზოლების გარეშე, ანუ როგორ აქცევს პულივიზატორი რემონტს ხელოვნებად |
თუ ცხოვრებაში ერთხელ მაინც გჭერიათ ხელში ფუნჯი ან ლილვაკი, ალბათ, გადასარევად გეცნობათ ეს სცენარი: მონდომებით ღებავთ კედელს, გგონიათ, რომ ყველაფერი იდეალურადაა, მაგრამ საღებავის გაშრობის შემდეგ ოთახში სინათლე შემოდის და... კედლიდან ძველი ეგვიპტური იეროგლიფებივით გიყურებთ ფუნჯის ზოლები. ამას ემატება იატაკზე დაწვეთებული საღებავის წერტილები, იქვეა მიყრილი წინდები და მარადიული კითხვაც კვლავ თავს იჩენს: ამის ასე და ისე, რატომ ხელოსანი არ დავიქირავე?!
კარგი ამბავი ის არის, რომ სავსებით შესაძლებელია, კედლების შეღებვა წამებად კი არა, სიამოვნებად და თქვენ წარმოიდგინეთ, ხელოვნებადაც იქცეს. ამის საიდუმლო კი ერთ კონკრეტულ ხელსაწყოშია, რომელსაც ელექტრო პულივიზატორი ჰქვია.
ელექტრო პულივიზატორი რემონტის სამყაროში დაახლოებით იგივეა, რაც ავტომატიკა მანქანის ტარებაში - პულივიზატორი საღებავს იმდენად თხელ, თანაბარ და იდეალურ ფენად აფრქვევს, რომ კედელზე არც ერთი ზედმეტი ხაზი, ზოლი ან ნაკაწრი არ რჩება. გარდა ამისა, ის, რაც ტრადიციული მეთოდებით მთელი დღე მოანდომებდით, ამ ხელსაწყოთი სულ რამდენიმე საათში, ყოველგვარი ნერვების შლისა და კუნთების ტკივილის გარეშე სრულდება.
თუ კედელზე ლილვაკის გაგორება სპორტდარბაზში ვარჯიშს ჰგავს, პულივიზატორით მუშაობა უფრო ვიდეოთამაშს მოგაგონებთ. აი, რატომ ჯობნის ის ტრადიციულ მეთოდებს:
- კოსმიური სისწრაფე: დრო ფულია, რემონტის დროს კი - ორმაგი ფული. პულივიზატორით შეგიძლიათ რამდენიმე საათში შეღებოთ ისეთი ფართობი, რომელსაც ფუნჯით მთელ უქმეებს მოანდომებდით.
- იდეალური „ფილტრის“ ეფექტი: ხელსაწყო საღებავს მიკროსკოპულ ნაწილაკებად შლის და ისე აფრქვევს. ზედაპირზე არ რჩება ზოლები, ბუსუსები ან ფუნჯის კვალი. კედელი ისეთი გლუვია, თითქოს ქარხნულად იყოს შეღებილი.
- ეკონომია (დიახ, ჯიბისთვისაც): ვინაიდან საღებავი ნისლივით იფრქვევა, ის ბევრად უფრო თხელ და თანაბარ ფენად ჯდება. შედეგად, საღებავის ხარჯი თითქმის 20-30%-ით მცირდება.
- რთული ადგილების მარტივიდა მორჩილება: სცადეთ და ფუნჯით შეღებეთ გოფრირებული რადიატორი, მოჩუქურთმებული ხის სკამი ან აგურის უსწორმასწორო კედელი. აი, პულივიზატორისთვის კი კუთხეები, ნიშები და ტექსტურული ზედაპირები პრობლემას არ წარმოადგენს - მისი „ნისლი“ ყველგან აღწევს.
ელექტრო პულივიზატორი არ არის მხოლოდ კედლების შესაღები აპარატი, ის ნამდვილი მულტიფუნქციური ასისტენტია და აი, რატომ:
- ინტერიერის განახლება: კედლები, ჭერი, თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციები - ყველაფერი სწრაფად და სუფთად იღებება.
- ავეჯის რესტავრაცია: თუ გსურთ, რომ ძველ კარადას, მაგიდას ან სკამებს ახალი სიცოცხლე შთაბეროთ, პულივიზატორით ლაკის დასხმა საუკეთესო, უნაკლო შედეგს მოგცემთ.
- გარე სამუშაოები: ეზოს ხის თუ ლითონის ღობეები, ფანჩატური, სახლის ფასადი ან თუნდაც ფარეხის კარი - გარე პერიმეტრზე ეს ხელსაწყო შეუცვლელია.
- ანტიკოროზიული დამუშავება: შეგიძლიათ გამოიყენოთ ლითონის კონსტრუქციების გრუნტირებისთვის ან სპეციალური დამცავი სითხეების შესასხურებლად.
გაითვალისწინეთ, რომ ყველა საღებავი ერთნაირად თხელი არ არის. ხშირ შემთხვევაში, პულივიზატორს კომპლექტში სპეციალური პატარა ძაბრი (სიბლანტის საზომი) მოჰყვება. ინსტრუქციაში წაიკითხეთ, რა მაქსიმალური სიბლანტის საღებავს უმკლავდება აპარატი, რომ სქელმა ემულსიამ ფილტრები არ გაჭედოს.
და გახსოვდეთ ისიც, რომ ეს აპარატი ხელში უნდა გეჭიროთ (ზოგ მოდელს კომპრესორი მხარზე დასაკიდი აქვს, ხელში კი მხოლოდ პისტოლეტი გრჩებათ). თუ საღებავით სავსე ავზი ზედმეტად მძიმეა და სახელური არაკომფორტული, 15 წუთში ხელი დაგეღლებათ. ამიტომ, ყიდვამდე აუცილებლად მოირგეთ ხელში.


