| ნიველირი, ხელსაწყო, რომელიც საძირკვლიდან სახურავამდე ფასდაუდებელ საქმეს ასრულებს |
| ნიველირი, ხელსაწყო, რომელიც საძირკვლიდან სახურავამდე ფასდაუდებელ საქმეს ასრულებს |
როცა შთამბეჭდავ არქიტექტურას ვუყურებთ, როგორც წესი, მის დიზაინსა და მასალებზე ვამახვილებთ ყურადღებას და თითქმის არასდროს გვახსენდება ის ინსტრუმენტები, რომლებმაც იდეალური შედეგი უზრუნველყვეს.
ერთ-ერთი ასეთი უმნიშვნელოვანესი ხელსაწყო და ნებისმიერი ინჟინრის მარჯვენა ხელი ნიველირი გახლავთ.
მარტივად რომ ვთქვათ, ნიველირი არის გეოდეზიური ინსტრუმენტი, რომელიც ორ ან მეტ წერტილს შორის სიმაღლეთა სხვაობას ზუსტად ზომავს და იდეალურად სწორ ჰორიზონტალურ სიბრტყეს ქმნის. მისი საქმე ჯერ კიდევ მაშინ იწყება, როცა ტერიტორია ცარიელია და მიწის მოსწორება მიმდინარეობს. ის აკონტროლებს საძირკვლის ჩასხმას, თითოეული სართულის ამოყვანას და არ ამთავრებს მუშაობას მანამ, სანამ სახურავის ბოლო დეტალი არ დამაგრდება.
მშენებლობაში დაშვებული პატარა შეცდომაც კი ძვირად ფასობს. უზუსტობა საძირკველში, რომელსაც დროულად არ გააკონტროლებს ოპტიკური თარაზო, ზედა სართულებზე უდიდეს პრობლემად შეიძლება იქცეს.
მშენებლობის გარდა, ოპტიკური თარაზო შეუცვლელია რემონტის დროსაც და კიდევ რისთვის დაგჭირდებათ ეს ხელსაწყო, სწორედ ამ საკითხზე ვაპირებთ საუბარს.
ერთი შეხედვით, ნიველირი უბრალო ოპტიკური მოწყობილობაა, რომელიც შტატივზე მაგრდება. თუმცა, როგორც უკვე ზემოთაც ვთქვით, მშენებლობის ყველა ეტაპზე კრიტიკულია. ხელსაწყოს მთავარი დანიშნულება სიმაღლეებს შორის სხვაობის ზუსტი განსაზღვრაა.
აი, კონკრეტულად რაში გვეხმარება ის:
- მიწის ნაკვეთის მომზადება - სანამ საძირკველს ჩავასხამთ, მიწა იდეალურად უნდა გასწორდეს. ნიველირი განსაზღვრავს, სად არის ბორცვი მოსაჭრელი და სად - ორმო შესავსები.
- საძირკვლისა და იატაკის დასხმა - თუ საძირკველი თუნდაც მცირედით დახრილი აღმოჩნდა, მთელი შენობა დეფორმირდება. ნიველირი უზრუნველყოფს, რომ ბეტონის ზედაპირი აბსოლუტურად ჰორიზონტალური იყოს.
- კომუნიკაციების გაყვანა - წყალსადენის, კანალიზაციისა თუ სანიაღვრე სისტემების გაყვანისას საჭიროა კონკრეტული, ზუსტი დახრილობის დაცვა, რათა წყალმა თვითდინებით იმოძრაოს. ნიველირის გარეშე ასეთი შედეგის მიღება შეუძლებელია.
- გზებისა და ტროტუარების მშენებლობა - ასფალტის დაგება თუ ფილების მოპირკეთება სწორედ ნიველირით იწყება.
მიუხედავად იმისა, რომ ნიველირი პროფესიონალური გეოდეზიური ინსტრუმენტია, მისი მომხმარებლების წრე საკმაოდ ფართოა:
- ინჟინრები და გეოდეზისტები - მათთვის ნიველირი ყოველდღიური სამუშაო იარაღია. დიდი მასშტაბის პროექტებზე (ხიდები, გზები, მრავალსართულიანი კორპუსები) მათ მაღალი კლასის ციფრული ან ოპტიკური ნიველირები სჭირდებათ.
- მშენებლები და ხელოსნები - ბრიგადებს, რომლებიც სახლებს აშენებენ, შიდა სარემონტო სამუშაოებს (მაგალითად, იატაკის მოჭიმვას, ე.წ. „სტიაჟკას“) ან ფასადებს აკეთებენ, ნიველირი საქმეს რამდენჯერმე უჩქარებს და შეცდომების რისკს მინიმუმამდე ამცირებს.
- ლანდშაფტის დიზაინერები - ეზოს მოწყობისას, ტერასების გაკეთებისას, ხელოვნური ტბებისა თუ სარწყავი სისტემების დაგეგმვისას სიმაღლეების კონტროლი გადამწყვეტია.
- მოყვარული მშენებლები - ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ეზოში მცირე ფანჩატურს, ღობეს ან სათავსოს აშენებენ.
ნიველირი მაღალი სიზუსტის ხელსაწყოა, რომელიც შიდა ლინზების, პრიზმებისა და კომპენსატორებისგან შედგება. მცირე დარტყმამ ან არასწორმა შენახვამაც კი შეიძლება დააზიანოს.
- სწორი ტრანსპორტირება - არასოდეს გადაიტანოთ ნიველირი შტატივზე დამაგრებული. ყოველი გამოყენების შემდეგ მოხსენით და ჩადეთ სპეციალურ, დარტყმაგამძლე ქეისში. მანქანით მგზავრობისას ქეისი საიმედოდ დააფიქსირეთ.
- დაცვა ტენიანობისა და მტვრისგან - თუ წვიმაში მოგიწიათ მუშაობა, ქეისში ჩადებამდე ხელსაწყო მშრალი, რბილი ქსოვილით კარგად გაამშრალეთ. ნუ შეინახავთ ნესტიან ხელსაწყოს, რადგან არ არის გამორიცხული, რომ ოპტიკა დაინამება და სოკო გაუჩნდება.
- ოპტიკის წმენდა - ობიექტივის ლინზები ძალიან მგრძნობიარეა. მტვერი ჯერ სპეციალური რბილი ფუნჯით ჩამოწმინდეთ და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენეთ ოპტიკისთვის განკუთვნილი სპეციალური სველი ხელსახოცები. ჩვეულებრივი ტანსაცმლის კიდით ან უხეში ნაჭრით გაწმენდა ლინზას დაკაწრავს.
- რეგულარული შემოწმება - მნიშვნელოვანი პროექტის დაწყებამდე ყოველთვის შეამოწმეთ ინსტრუმენტის სიზუსტე.

