| რაში გამოგადგებათ ჰაერის კომპრესორი სინამდვილეში - მხოლოდ საბურავების დასაბერად? |
| რაში გამოგადგებათ ჰაერის კომპრესორი სინამდვილეში - მხოლოდ საბურავების დასაბერად? |
როდესაც სიტყვები: ჰაერის კომპრესორი გვესმის, უმეტესობას, ალბათ, თვალწინ ავტოსერვისი ან საბურავის წნევის საზომი აპარატი წარმოუდგება. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს მოწყობილობა მხოლოდ ავტოფარეხის კუთხეში მდგარი მტვრიანი აგრეგატია, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე, ჰა და ჰა, საბურავის დაშვებისას თუ გამოდგება.
სინამდვილეში ჰაერის კომპრესორი ერთ-ერთი ყველაზე მრავალფუნქციური და მძლავრი ინსტრუმენტია, რაც კი შეგიძლიათ საკუთარ სახელოსნოსა თუ სახლში შეიტანოთ. ასე მაგალითად, შეკუმშული ჰაერის ძალას შეუძლია, რადიკალურად შეცვალოს ის, როგორ ასრულებთ ყოველდღიურ, რემონტისა თუ დასუფთავების საქმეებს - გაცილებით სწრაფად, მარტივად და პროფესიონალურად.
სწორედ ამ ყველაფერზე უნდა ვისაუბროთ ქვემოთ და აბა, მოკალათდით კომფორტულად:
მარტივად რომ ვთქვათ, ჰაერის კომპრესორი არის მოწყობილობა, რომელიც გარემოდან იღებს ჩვეულებრივ ჰაერს, სძენს მას მაღალ წნევას (კუმშავს) და ინახავს სპეციალურ რეზერვუარში. ეს შეკუმშული ჰაერი გარდაიქმნება პოტენციურ ენერგიად, რომელიც შლანგის საშუალებით სხვადასხვა ინსტრუმენტს მიეწოდება.
კომპრესორის მუშაობის პრინციპი 3 ძირითად კომპონენტს ეფუძნება:
საბურავების დაბერვა მხოლოდ აისბერგის მწვერვალია. აი, რისი გაკეთება შეგიძლიათ სინამდვილეში ამ მოწყობილობით:
სამღებრო და მოსაპირკეთებელი სამუშაოები
სამღებრო პისტოლეტის, პულვერიზატორის მიერთებით შეგიძლიათ, თანაბრად და პროფესიონალურად შეღებოთ ღობე, ავეჯი, კარები ან თუნდაც ავტომობილის დეტალები. ფუნჯთან ან ლილვაკთან შედარებით, ჰაერის წნევით შეღებვა 5-ჯერ უფრო სწრაფია და არ ტოვებს ზოლებს.
პნევმატიკური ჩაქუჩი და სტეპლერი მშენებლებსა და ავეჯის ხელოსნებს საათებს უზოგავს. ლურსმნის ჩაჭედება წამის მეასედში ხდება, რაც შეუცვლელია სახურავის გადახურვისას, იატაკის დაგებისას ან ავეჯის აწყობისას.
კომპრესორის ჰაერის ჭავლი საუკეთესო საშუალებაა მტვრისა და ნაგვის მოსაცილებლად ისეთი ადგილებიდან, სადაც მტვერსასრუტი უძლურია - იქნება ეს ელექტრო ინსტრუმენტების შიდა ნაწილები, კლავიატურა, რადიატორები თუ ბაღის ტექნიკა.
პნევმატიკური ქანჩის მომშვებით უპრობლემოდ მოუშვებთ ყველაზე ჩაჟანგებულ ჭანჭიკებსაც კი, რასაც ხელით უზარმაზარი ძალისხმევა დასჭირდებოდა.
იმისთვის, რომ ჰაერის კომპრესორმა წლების მანძილზე უპრობლემოდ იმუშაოს, ინარჩუნებდეს საწყის სიმძლავრეს და იყოს უსაფრთხო, რამდენიმე მარტივი, მაგრამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი წესის დაცვაა საჭირო. კერძოდ:
კომპრესორი მუშაობისას დიდი რაოდენობით ჰაერს შეისრუტავს. ჰაერის ფილტრი აკავებს მტვერსა და ჭუჭყს, რათა ის ძრავაში არ მოხვდეს. დაბინძურებული ფილტრი ზღუდავს ჰაერის ნაკადს, აიძულებს ძრავას, ზედმეტი დატვირთვით იმუშაოს და მის გადახურებას იწვევს. ფილტრი რეგულარულად უნდა გაიწმინდოს ჰაერით და საჭიროებისამებრ, შეიცვალოს.
თუ ზეთიანი ტიპის კომპრესორს იყენებთ, მისი გამართული მუშაობის საწინდარი ზეთის სწორი დონეა. ყოველი გამოყენების წინ შეამოწმეთ ზეთის დონე სპეციალურ ფანჯარაში ან „შუპზე“. მშრალად მუშაობა დგუშის გაჭედვას და ძრავის მყისიერ მწყობრიდან გამოსვლას იწვევს. ასევე, დაიცავით ზეთის შეცვლის ინტერვალები მწარმოებლის ინსტრუქციის მიხედვით.
ყველა სტანდარტულ კომპრესორს აქვს ავარიული უსაფრთხოების სარქველი, რომელიც ავტომატურად იხსნება, თუ ავზში წნევამ დასაშვებ ზღვარს გადააჭარბა. პერიოდულად ხელით ჩამოქაჩეთ სარქვლის რგოლი, რათა დარწმუნდეთ, რომ ის გაჭედილი არ არის და გამართულად მუშაობს.
არასოდეს მიუშვიროთ მაღალი წნევის ჰაერის ჭავლი ადამიანს ან ცხოველს - მაღალმა წნევამ შეიძლება სერიოზული დაზიანება მიაყენოს კანს, თვალებსა და სმენას.
შეამოწმეთ შლანგები და შეერთებები მუშაობის დაწყებამდე, რათა თავიდან აიცილოთ ჰაერის გაჟონვა ან შლანგის მოწყვეტა მაღალი წნევის დროს.


