| როდის და სად გვჭირდება წყლის ტუმბო და როგორ შევარჩიოთ სწორად? |
| როდის და სად გვჭირდება წყლის ტუმბო და როგორ შევარჩიოთ სწორად? |
რა გინდათ, რომ გააკეთოთ, მაგრამ ფაქტია, წყალი მაშინ გვახსენებს თავს, როცა იქ არ არის, სადაც გვჭირდება, ან, პირიქით, იქ გროვდება, სადაც სულაც არ გვინდა. სარდაფში დაგროვილი წყალი, ბაღის მორწყვა, ჭიდან ან რეზერვუარიდან წყლის ამოღება, სამშენებლო სამუშაოებისას დაგუბებული წყლის მოცილება - ყველა ამ შემთხვევაში ერთი შეხედვით მარტივი ამოცანა შეიძლება შესაბამისი ხელსაწყოს გარეშე საკმაოდ რთული აღმოჩნდეს.
სწორედ ასეთ დროს არის საჭირო კი არა და - აუცილებელი წყლის ტუმბოები - მოწყობილობა, რომელიც წყლის ერთი ადგილიდან მეორეში გადატანას გვიმარტივებს და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო, სამეურნეო თუ პროფესიული სამუშაოს მნიშვნელოვანი დამხმარეა.
თუმცა, რასაკვირველია, ყველა წყლის პომპა ერთნაირი სულაც არ არის. არსებობს სხვადასხვა ტიპის, სიმძლავრისა და დანიშნულების მოდელები და არასწორად შერჩეულმა ტუმბომ, შესაძლოა, უბრალოდ ვერ შეასრულოს ის სამუშაო, რომლისთვისაც შევიძინეთ.
ამიტომ, სანამ კონკრეტულ მოდელს აარჩევთ, მნიშვნელოვანია, იცოდეთ: სად და რისთვის გჭირდებათ ტუმბო, რა ტიპის წყლის გადატუმბვას აპირებთ და რომელ მახასიათებლებს უნდა მიაქციოთ ყურადღება არჩევისას.
წყლის ტუმბოს არჩევისას, პირველი კითხვა, რომელიც უნდა დავსვათ, არის: სად და რა ტიპის წყლის გადატუმბვა გვჭირდება? სწორედ ამის მიხედვით განისაზღვრება, რომელი ტიპის ტუმბო იქნება შესაფერისი.
ყველა ტუმბოს ერთი და იგივე ფუნქცია არ აქვს. ზოგიერთი მოდელი სუფთა წყლის გადასატანად გამოიყენება, ზოგი - შედარებით დაბინძურებული ან მყარი ნაწილაკების შემცველი წყლისთვის, ზოგი კი წყლის მიწოდებასა და წნევის გაზრდაზეა გათვლილი.
ზედაპირის წყლის ტუმბო, ანუ გარე ტუმბო წყალში არ იძირება - ის წყლის წყაროს გარეთ თავსდება და წყალს სპეციალური მილის საშუალებით იღებს. ასეთი ტუმბოები პრაქტიკულია მაშინ, როცა წყლის წყაროსთან მარტივად შეგვიძლია მოწყობილობის განთავსება.
მათი გამოყენება შესაძლებელია, მაგალითად, ჭიდან, რეზერვუარიდან ან სხვა წყაროდან წყლის გადასატანად და ბაღის ან სხვა ტერიტორიის მოსარწყავად. თუმცა, მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რა სიღრმიდან შეუძლია კონკრეტულ მოდელს წყლის ამოღება და რა მანძილზე - მისი გადატანა.
როგორც სახელიდანაც ჩანს, ასეთი ტუმბოები უშუალოდ წყალში თავსდება. ისინი განსაკუთრებით მოსახერხებელია მაშინ, როცა საჭიროა წყლის ამოტუმბვა ჭიდან, რეზერვუარიდან, აუზიდან, სარდაფიდან ან სხვა ადგილიდან, სადაც წყალი დაგროვდა.
წყალქვეშა ტუმბოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა ის არის, რომ წყლის წყაროსთან ახლოს თავსდება და არ გვჭირდება გრძელი შემწოვი მილი. თუმცა აქაც გადამწყვეტია კონკრეტული მოდელის დანიშნულება - ყველა წყალქვეშა ტუმბო არ არის გათვლილი დაბინძურებული ან მყარი ნაწილაკების შემცველი წყლის გადასატანად.
თუ გადასატუმბი წყალი შედარებით სუფთაა და მასში ქვიშა, ტალახი ან სხვა მყარი ნაწილაკები არ არის, შესაძლებელია სუფთა წყლისთვის განკუთვნილი ტუმბოს გამოყენება.
ასეთი მოდელები შეიძლება გამოგვადგეს, მაგალითად, რეზერვუარიდან წყლის გადასატანად, ბაღის მოსარწყავად ან წყლის სხვა სუფთა წყაროდან მისაწოდებლად.
თუ საქმე გვაქვს წვიმის შემდეგ დაგროვილ, ტალახიან ან სხვადასხვა ნაწილაკის შემცველ წყალთან, უკვე სხვა ტიპის ტუმბოა საჭირო. დაბინძურებული წყლის ტუმბოები სპეციალურად ისეთი პირობებისთვის არის შექმნილი, სადაც წყალში მყარი ნაწილაკებიც შეიძლება იყოს.
მაგალითად, ასეთი ტუმბო შეიძლება დაგვჭირდეს დატბორილი სარდაფის, სამშენებლო მოედნის ან სხვა დაგუბებული ტერიტორიიდან წყლის მოსაშორებლად.
აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტუმბოს ტექნიკურ მონაცემებში მითითებული მყარი ნაწილაკების დასაშვები ზომა. რაც უფრო დაბინძურებულია წყალი, მით უფრო მნიშვნელოვანია ისეთი მოდელის შერჩევა, რომელიც ამ პირობებში მუშაობისთვის არის გათვლილი.
ტუმბო ყოველთვის მხოლოდ წყლის ერთი ადგილიდან მეორეზე გადასატანად არ გამოიყენება. არსებობს მოდელები, რომელთა მთავარი დანიშნულება წყლის სისტემაში საჭირო წნევის შექმნა ან გაზრდაა.
ასეთი ტუმბოები შეიძლება გამოგვადგეს კერძო სახლში, აგარაკზე ან სხვა ობიექტზე, სადაც წყლის მიწოდების სისტემაში საკმარისი წნევა არ არის და მისი გაუმჯობესებაა საჭირო.
ამრიგად, წყლის ტუმბო ერთი კონკრეტული ტიპის მოწყობილობას არ ნიშნავს. არჩევისას ჯერ ის უნდა გავარკვიოთ, წყლის ამოტუმბვა გვჭირდება, მისი ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა, მორწყვა თუ სისტემაში წნევის შექმნა. შემდეგ კი უკვე ბევრად იოლად შეარჩევთ შესაბამის ტიპს, სიმძლავრესა და წარმადობას.


